იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
კონფერენციის პარალელურად აქციაზე შეკრებილები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ისინი დამოუკიდებელ სასამართლოს და ე.წ. სასამართლო კლანის დასრულებას მოითხოვენ. მათ მიტანილი აქვთ ბანერები, მარიონეტები მოსამართლის მანტიით, საყვირები და სასტვენები.
სიტყვიერი დაპირისპირება იყო „სირცხვილიას“ აქტივისტ ნოდარ რუხაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიას შორის. რუხაძე მას შეკითხვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და „კლანის“ გავლენების შესახებ უსვამდა.
სასამართლო კლანი ცდილობს, მოასწროს ისეთი კონფიგურაციის შექმნა, რომ გადაწყვეტილებათა მიღების საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე: ხათუნა სამნიძე
მისივე თქმით, „როგორც ჩანს, სასამართლო კლანისთვის სულ ერთია, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მოწოდება, რომ პროცესი შეჩერდეს“.
მოსამართლეები ამტკიცებენ, რომ სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და სისტემა დამოუკიდებელი და გამჭვირვალეა.
მოსამართლე დიმიტრი გვირიტშვილის განცხადებით, თუ თეორიულად სასამართლოში არსებობს კლანი, რომელსაც სურს მოსამართლეებზე გავლენის შენარჩუნება, მოსამართლეებს საბჭო უვადოდ არ გადანიშნავდა.
„დღევანდელი კონფერენციის გადადებისთვის მიზეზად დასახელებული იქნა რეფორმის გატარების აუცილებლობა. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეფორმა ერთ ან ორ თვეში ვერ სრულდება, აქედან გამომდინარე, ვინაიდან 24 ივნისის შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რჩება მხოლოდ 6 წევრი, საბჭო იქნება სრულად პარალიზებული, იმიტომ რომ კანონის თანამხად სულ მცირე 8 წევრია საჭირო, რომ საბჭო შეიკრიბოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განამარტა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, არჩევნების გადადება გამოიწვევდა იმას, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო შეწყვეტს ფუქნციონირებას.
„საბჭო არ ნიშნავს მხოლოდ მოსამართლეებს, საბჭო ამტკიცებს სასამართლოს ბიუჯეტს, მატერიალურ უზრუნველყოფას ახდენს პირველი-მეორე ინსტანციისდა ყველა ეს გადადება ამ ფუნქციონირების შეწყვეტას გამოიწვევს“, – განაცხადა ქადაგიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევას და რიგგარეშე კონფერენციის ჩანიშვნას აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა პროცესის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. პარლამენტში პარტია „ლელომ“ საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების არჩევაზე მანამ, სანამ არ განხორციელდება რეფორმა.
„მე არ მინახავს არც გამოცდილება და არც ქვეყანა, სადაც ხდებოდეს დიდი საქმეების კეთება ლანძღვა-გინებითა და კონკრეტულად მოსამართლეების დევნითა და მათი მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფით. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ღებულობენ დონორების ფულს და ამას იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ ახორციელებენ მორალურ ზეწოლას… როდესაც, მაპატიეთ, მაგრამ ტელევიზიაშიც 24/7-ზე მიმდინარეობს მოსამართლეების და სასამართლოს ლანძღვა-გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სისტემა, სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და მას არ სჭირდება ბულინგი“, – განაცხადა მოსამართლე ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთმ, მას შემდეგ, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში საბჭოს მოქმედ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუვა, გაჩნდება 4 ვაკანტური ადგილი.
კანდიდატიც 4-ია – მოსამართლეთა კონფერენცია მათ წინასწარ ირჩევს.
- ბადრი შონია
- თემურ გოგოხია
- ლევან მიქაბერიძე
- გოჩა აბუსერიძე