“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.
მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პროკურატურამ დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომ დასაკითხ მოწმეთა შესახებ ადვოკატების წინასწარ ინფორმირებას მოახდენდნენ.
კონდახიშვილის თქმით, ბრალდების მხარემ ადვოკატების ინფორმირება არ მოახდინა – თუ რომელი მოწმეების დაკითხვას აპირებდნენ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
“ბატონო მოსამართლე, გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის დაცვას ვერ გავაგრძელებ, ვიდრე ნიკა მელიასთან პოზიციას არ შევათანხმებ, მჭირდება დრო, მას შევხვდე და გავიარო კონსულტაცია, შევათანხმო სტრატეგია.” – თქვა კონდახაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურამ მოსამართლეს არ სცა პატივი, რომლის გადაწყვეტილებითაც, დაცვა მტკიცებულებების გამოკვლევასთან დაკავშირებით ინფორმირებული უნდა იყოს. კონდახაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, მიზანმიმართული ქმედებაა და ასეთი მითითება აქვთ, მისი თქმით, ეს არის არაკოლეგიალური დამოკიდებულება და შეთანხმების დემონსტრაციულად დარღვევა
შეგახსენებთ, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. გირაოს თანხა 40 000 ლარი კი ევროკავშირმა გადაიხადა.
მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. 13 აპრილს აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის.
2019 წლის 27 ივნისს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა, სამაჯურის საჯაროდ მოხსნის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მისი გადაუხდელობის გამო კი მელია დააპატიმრეს.
