შოუ, რომელსაც ჩვენ დღეს ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ, საინტერესოა, რამდენად ისახავს მიზნად რეალურ ცვლილებებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ადამიანები, რომლებიც ადრე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თითქოს გაერთიანების პროცესში ვხედავთ.
პარტიებში გადაადგილების პარალელურად რა იცვლება ქართულ პოლიტიკაში, როგორ გამოიყურება მათი შანსები წინასაარჩევნოდ, ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.
„ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ნათელს გახდის, გააჩნია თუ არა მმართველ პარტიას ისეთივე მხარდაჭერა, რომელიც 2012 – 2013 წლის არჩევნების დროს ჰქონდა. შეძლებს თუ არა მმართველი პარტია 43 %-იანი ბარიერის გადალახვას? შეიქმნება თუ არა საფუძველი იმისა, რომ საქართველოში ჩატარებულ იქნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?… სიტუაცია იძაბება და უფრო მეტად დაიძაბება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია.
ამავე დროს სამწუხაროა, იმის აღნიშვნა, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში დომინანტური პოზიცია უკავია შავ პიარს და ოპონენტების კრიტიკას, რომელიც არ არის მიმართული ქართული პოლიტიკური საქმიანობის მომავლისკენ. პარლამენტში ერთმანეთის ლანძღვის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, რომ კონკრეტული კანონპროექტები იქნეს განხილული, რომლის კანონში გადატანა, დადებითად აისახება საქართველოში ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება“. – აცხადებს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში.
კითხვაზე, რეალური ნაბიჯების ნაცვლად, რატომ ვისმენთ ერთმანეთის ლანძღვას, ნიკა ჩიტაძე პასუხობს:
„სწორად აღნიშნეთ. კრიტიკის ნაცვლად, ლანძღვას ვისმენთ. კრიტიკა უნდა არსებობდეს. ღმერთმა დაიფაროს ერთპარტიური დიქტატურა იყოს ჩვენს ქვეყანაში დამყარებული. ჩვენ ვისმენთ ერთმანეთის ლანძღვას და არა კრიტიკას.
ბევრს ავიწყდება, თუნდაც იგივე პარლამენტში, რომ ის არის პირველ რიგში საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს გარკვეულ კანონპროექტებს. სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება, რომ პარლამენტი უნდა წარმოადგენდეს ხალხის ინტერესებს. ჩვენთან რეალობა არის ისეთი, რომ ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხვდება ხოლმე მასმედიის ფოკუსში.
ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს, სკანდალი მოაწყოს და ამით მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს გარკვეული პიარია“. – განმარტავს ნიკა ჩიტაძე.
საბოლოო ჯამში რა შედეგი დგება ხოლმე მათთვის?
„ჩვენთვის მთავარი რა არის, დგება თუ არა შედეგი საქართველოსთვის და აისახება თუ არა პოლიტიკური ელიტის საქმიანობა, საკანონმდებლო, თუ სასამართლო საქმიანობაზე. აისახება თუ არა პოლიტიკოსების საქმიანობა თვითოეული მოქალაქის ინტერესზე და მათი ინტერესების დაცვაზე. ამიტომაც საქართველო ზარალდება“. – ამბობს „ფორტუნასთან“ პოლიტოლოგი.
რა შედეგებზეა ორიენტირებული ფრაქციები, რომლებიც პარლამენტის შიგნით გაერთიანდნენ. ეს არის მხოლოდ ხმებისთვის გაერთიანება, თუ იდეურად იცვლება რამე?
„ფრაქციების შექმნაში, რომელშიც სხვადასხვა პარტიების წევრები იღებენ მონაწილეობას, ექსტრემალურს ვერაფერს ვხედავ, ამ პარტიების საერთო მიზანი არის, „ქართული ოცნების“ დამარცხება. გამომდინარე აქედან, არაერთი საპარლამენტო შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციური პარტიები ძირითადად „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებოდნენ. დღესაც პარტიებს თავიანთი სტრატეგია და ტაქტიკა გააჩნიათ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრულყოფილად შევა პარლამენტში, ის ცალკე ფრაქციას შექმნის, ფაქტია, რომ ამ პარტიების წარმომადგენლებს ერთი საერთო მიზანი გააჩნიათ“. – ამბობს ჩიტაძე „კვირის თემასთან“.
არის თუ არა ოპოზიციაში კონკურენცია?
„ ოპოზიციაში კონკურენცია გარკვეულწილად ალბათ არის, ახლა კონკურენცია შეიძლება იყოს „ნაცმოძრაობასა“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის. საერთო მიზნები ამოძრავებთ და აშკარა დაპირისპირება არაა. თუმცა „ნაცმოძრაობის“ ცალკეული წევრები სხვა ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებდნენ, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. ახლა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობაც“ იქნება პარლამენტში და იქნება საპარლამენტო ორგანიზაცია, შესაბამისად უკვე დიდი დაპირისპირება არ იარსებებს. არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატიც წარმოადგინოს თბილისის მერის თანამდებობაზე.
ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, რომ ამ საკითხზე შეჯერდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. მივესალმები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომელიც ამბობს, რომ მერობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი. ის უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანი და არაა აუცილებელი, რომ პოლიტიკოსი იყოს“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, რამდენად აირჩევს დედაქალაქის მერად არაპოლიტიკოსს?
„გააჩნია, ის ადამიანი რა სფეროში იქნება ცნობილი. ამ კუთხით ამომრჩეველი გაიზარდა, მგონია, რომ პოლიტიკურ კულტურას მეტი დახვეწა სჭირდება. ამ შემთხვევაში ჩემს თავსაც ვგულისხმობ.
კანდიდატს, რომელზეც სრულიად ოპოზიციური სპექტრი შეჯერდება, ჯერჯერობით ვერ ვხედავ. არიან კომპეტენტური პოლიტიკოსები, მაგრამ სჯობს, მათ პარლამენტში გააგრძელონ საპარლამენტო საქმიანობა და შეარჩიონ ერთიანი კანდიდატი პარლამენტის გარეთ“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე „კვირის თემასთან“.
როგორია ამ ყველაფრის ფონზე მმართველი გუნდის ქცევა?
„თუ გახარია არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს, „ქართული ოცნება“ მაინც შეშფოთებულია, ახალი ძალა გამოჩნდა ასპარეზზე, რომელმაც შესაძლებელია, „ქართულ ოცნებასაც“ წაართვას ხმა და მერყევი ამომრჩევლის გული მოიგოს“. – ამბობს ჩიტაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.