LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2 ათასამდე ადამიანი გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული – ძვირადღირებულ მკურნალობას კი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში მცხოვრებთ უფინანსებენ

320
fortuna.ge (46)

საქართველოში, რთულად სამართავი დაავადების, გაფანტული სკლეროზის შესახებ კამპანია #ერთადერთმანეთისთვის მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრები პაციენტები კი კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან, არადა მკურნალობის გარეშე მათი ყოველი დღე მხოლოდ ცხოვრების ხარისხის გაუარესებისკენ მუშაობს.

რა პრობლემების წინაშე არიან დაფინანსების გარეშე დარჩენილი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები რეგიონებში.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ შესაბამისი მკურნალობით პაციენტებმა თავი დააღწიონ დაავადებას, ან შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა –  პრობლემურ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ექიმ-ნევროლოგმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ჯანელიძემ ისაუბრა.

„რეგიონებში პაციენტები დარჩენილები არიან დაფინანსების გარეშე, მხოლოდ თბილისის მერიამ და  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დააფინანსოს ასეთი პაციენტები.

სხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მკურნალობა თვეში, საშუალოდ, 1500 ლარამდე ჯდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობენ – ქუთაისში, თელავსა თუ თბილისში, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ დროულად სჭირდებათ ადექვატური მკურნალობა “. – ამბობს „კვირის თემასთან“ მარინა ჯანელიძე.

რა ვიცით გაფანტული სკლეროზის შესახებ

 

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.

პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. 

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.

 

„ეს არის ნერვული სისტემის ე.წ. იმუნური ანთება. ორგანიზმი საკუთარი ორგანიზმის და ქსოვილების მიმართ გამოიმუშავებს ანტისხეულებს.

დაავადება ხასიათდება შეტევებით და მერე გამწვავებით. თავდაპირველად სახეზე გვაქვს შეტევა, ანუ გამწვავება. როდესაც ამ შეტევების სიხშირე მატულობს და ეს უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე, ე.წ. იმუნომამოდიფიცირებელი მკურნალობის გამოყენების გარეშე თუ არის პაციენტი, მაშინ პაციენტი დროთა განმავლობაში, დაავადების დებიუტიდან დაწყებული, 10 -15 წლის შემდეგ საკმაოდ უნარშეზღუდული ხდება.

ანუ მისი ფუნქციური აქტივობა, ძალიან იზღუდება“. – განმარტავს პროფესორი.

გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღეისათვის, გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 

 

 

რამდენი ადამიანია დაავადებული საქართველოში გაფანტული სკლეროზით

 

„ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, მაგრამ ქვეყანაში უნდა იყოს 2 ათასამდე პაციენტი. ქალბატონები დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები, ასეთი გამოთქმაც არის, რომ გაფანტული სკლეროზი არის „სიმპატიური ქალბატონების დაავადება“.

 მამოდიფიცირებელი თერაპიის გარეშე კი ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ.მკურნალობის შემთხვევაში, გამწვავების თავიდან არიდება შესაძლებელია.

ახალგაზრდა ქალბატონები, ( 20-დან 40 წლამდე, რომელიც დედობს ასაკია), არაადეკვატური მეურვეობის გამო, შესაძლებელია, გახდნენ უნარშეზღუდული. ადეკვატური მართვის შემთვევაში, უმეტეს შემთვევებში (100 პროცენტით მედიცინაში არაფერი ხდება) ქალბატონებმა შესაძლებელია, სრულიად ცხოვრების  მაღალი ხარისხით იცხოვრონ“. – ამბობს პროფესორი „ფორტუნასთან“.

 

როგორ იწყება დაავადება

 

„შეიძლება, ადამიანს უეცრად დაუბუჟდეს ხელ-ფეხი. წაერთვას ხელ-ფეხი, დაკარგოს წონასწორობა. შესაძლებელია, დაკარგოს მხედველობა. დროთა განმავლობაში გარკვეული თერაპიის ფონზე შეტევა უკუგანვითარდება. მაგრამ თუ მკურნალობა ვერ ჩატარდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები ხდებიან სავარძელს მიჯაჭვულები. თბილისის მერია და აჭარის ჯანდაცვა აფინანსებს მკურნალობის ხარჯებს, თუმცა პაციენტები რეგიონებში არიან მის მიღმა დარჩენილები, რაც ნიშნავს, რომ მათი ცხოვრების ხარისხი ყოველდღიურად უარესდება“. – აღნიშნა ჯანელიძემ „კვირის თემასთან“.

ცნობისთვის, 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში.

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g