საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, 31 იანვარს, რუსთავში გაიმართება. კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ დეტალურად გააცნობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ქვემო ქართლის ადგილობრივი ბიზნესისა და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვა ხელს შეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელს შეუწობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ექნებათ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები გაიმართა, იმერეთში, კახეთსა და აჭარაში.