LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპულმა საქართველომ“ საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოში აქცია-პერფორმანსი გამართა

65
გიგა ბოკერია

„ევროპულმა საქართველომ“ საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით საგარეჯოში აქცია-პერფორმანსი გამართა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ არ აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლება შესაძლებელი იქნება, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოებას შეუძლია მასზე წნეხი, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით  შეამსუბუქებინოს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მოქალაქეებმა და აქტიურმა ჯგუფებმა მთავრობა ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ ყველგან უნდა აიძულოს, რაც მისი შეფასებით, ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება.

ბოკერიას თქმით, საგარეჯოს მსგავსად, „ევროპული საქართველო“ მსგავსი აქცია-პერფორმანსების გამართვას სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს, რათა ხელისუფლება აიძულოს – გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ტარიფს მინიმუმ, 40 თეთრით შეამცირებს.

„დღეს შეხვედრები ჩვენს გუნდთან გვექნება, ასევე ჩვენს მომხრეებთან. რა კომუნიკაციაც გვქონდა, პირველივე რეაქციით, ვითარება აქაც არის იგივე, რაც მთელ საქართველოში.

არის უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება, ფასების ზრდა. ხოლო, მთავრობა, ამ ვითარებაშიც კი, სადღეგრძელოების გარდა საკუთარ მოქალაქეებს არაფერს ეუბნება, არანაირ ნაბიჯს არ დგამს, რომ ეს წნეხი შეუმსუბუქოს,“ განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, ვალდებული ვართ, ისინი კონკრეტულ თემებზე შევაწუხოთ და მოქალაქეებს ვუთხრათ – რა არის მარტივი და არა პოპულისტური ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ნებისმიერ მთავრობას  შეუძლია. ასევე ის, რაც მომავალმა მთავრობამ მინიმუმ უნდა გადადგას, რათა მოქალაქეებს წნეხი შეუმსუბუქოს.

„ამის კონკრეტული მაგალითი გვაქვს საწვავის ფასი, რომელიც დღეს საერთაშორისო ფასებით არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჩვენთან ლარის კურსის გამო, მაინც გაიზარდა და ყველა პროდუქტის ფასზე აისახა. ამ დროს მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენი მთავრობის ხელში არის მარტივი ინსტრუმენტი,  – ეს არის აქციზის გადასახადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა და მის შემცირებაზე დღემდე უტიფრად უარს აცხადებს,“ – აღნიშნა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ და ყველა სხვა მსგავს საკითხებზე,  მოქალაქეებმა და აქტიურმა ჯგუფებმა, მთავრობა ყველგან უნდა შეაწუხოს.

„დღეს აქ, ერთი პატარა ნაბიჯი გვექნება, ოღონდ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თუ მოვახერხებთ და სანამ მთავრობაში არიან, ყვავს კაკალი გავაგდებინეთ, რომ ეს აქციზი შევამცირებინოთ და გავაუქმებინოთ, ეს ყველა ოჯახის შემოსავალზე აისახება. მომავალში კი, ჩვენ გვჭირდება გადასახადების დრამატულად დაწევა, რათა ადამიანებს მთავრობამ ბიუროკრატიის, ნეპოტიზმისათვისა და კორუფციისათვი ნაკლები ფული წაართვას,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

magti 5g