“რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრისას, ყველას თავშეკავება მართებს.
„აუცილებელ პირობად ჩავთვალე, ეს უნდა მეთქვა. რასაკვირველია, ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ, ამას ტელევიზია სხვანაირად გააშუქებს, იტყვის, თამადა გამოვიდა მიკროფონთანო. ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად, ამ სიხარულის გასანაწილებლად.
ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით, პოლიტიკოსების გამოსაყენებელი სიტყვა არ არის სადღეგრძელო, სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების დარგის მიმართ, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. პოლიტიკოსები გახდით სულ ყველანი, არაფერი გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით.
ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა“. – ამბობს კახაძე.
კახაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები საჯარო სივრცეს უნდა გაუფრთხილდნენ.
„დალოცვილისშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ტელევიზიით, საჯარო სივრცეში როგორ შეიძლება? საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით.
პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. კანონშემოქმედება ჰქვია ჩვენს საქმიანობას, კანონდოგმატიზმი კი არა. ეს დოგმა რატომ არ მოიშალეთ? პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავეს ასე სიბინძურეს ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან“. – ამბობს კახაძე.