LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიამ „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვა წარადგინა

84
საქართველოსთვის

პარტიამ „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვა წარადგინა, რომლის მიზანიც ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაა. მათივე ცნობით, აღნიშნული მიიღწევა პროცესში საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობით, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობებია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არსებულ საჭიროებებზე მორგებული სოციალური დაცვისა და განათლების სისტემა, ქვეყნის დეოკუპაცია, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის რეალური დღის წესრიგით მოქმედება.

მათივე ცნობით, „თითოეულ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“.

„პროგრამული ხედვა ეფუძნება 3 ძირითად მიმართულებას:

1. განვითარება

2. დემოკრატია

3. უსაფრთხოება

ჩვენი ხედვით, შემდგომ წლებში, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

– სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს;

– მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;

– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზნის შექმნის გზით;

– სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრსადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით;

– განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

– სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.

რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:

– საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება; – ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;

– ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;

– საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.

პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვა არის ცოცხალი დოკუმენტი. პარტიის მუშაობის პრინციპი არის ღია – პროგრამული ხედვის თითოეული მიმართულებით ვქმნით სპეციალურ სამუშაო პლატფორმებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან. ამ პლატფორმების მუშაობის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი ხედვების, რეკომენდაციების და ინიციატივების შემდგომში ასახვა დოკუმენტში ასევე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მზად ვართ სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები