„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა.
მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსით 3 პირია დააკავებული.
16 მედიის 55-მდე თანამშრომელი – გუშინდელი აგრესიული თავდასხმების შემდეგ დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ორს, მათ შორის “პალიტრა ნიუსის” ოპერატორს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა – ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე პირველი არხის ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალები, მას ქიმიური ხსნარი შეასხეს.