საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ხურჩასა და ენგურის ხიდზე იმყოფება, სადაც ის ბათუმის საერთაშრისო აეროპორტიდან პირდაპირ გაემგზავრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,ლაშა დარსალიას განცხადებით საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნია.
“საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეწვია. ის ჩამოსვლისთანავე, პირველ რიგში, გაემგზავრება ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ.” – თქვა დარსალიამ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში იმყოფება. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ცნობილია, რომ, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის “ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში შეთანხმება.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.