LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუტიზმის ნიშნების მქონე 5 წლის გაბრიელის მამის მიმართვა – „რა გვაქვს სასირცხვილო?!.“

203

„ფეისბუქ“-გვერდი „შუქი მოვიდა“ აქვეყნებს ემოციურ წერილს, რომელიც აუტიზმის ნიშნების მქონე პატარას მამამ დაწერა. ბესრიონ ცინცაძეს ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც ხუთი წლისაა.

„მე ვარ ბესარიონ ცინცაძე 32 წლის. მყავს ერთი ვაჟი, გაბრიელ ცინცაძე 5 წლის. გაბრიელი ისე იზრდებოდა, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. პირველად ეჭვი გაგვიჩნდა, როდესაც გაბრიელმა ფეხი აიდგა და კედლებს ან სხვა ნივთებს ეჯახებოდა. ეს იყო საფუძველი ჩვენი ექიმთან მისვლის, რომელმაც უკვე დაახლოებით წლინახევრის ასაკში გვითხა, რომ ეს სავარაუდოდ, იყო აუტისტური სპექტრის აშლილობა.

მე და ჩემი მეუღლე დავბრუნდით სახლში ისე, რომ ნორმალურად და სრულყოფილად არც კი აუხსნიათ, რას ნიშნავდა აუტიზმი. ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად მოვიძიეთ ინტერნეტით ინფორმაცია და დავიწყეთ შესწავლა. რა თქმა უნდა, ამის გააზრება ძალიან რთული იყო, მაგრამ გაცილებით სტრესული გახლდათ ის ფაქტი, რომ ქუთაისში დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქალაქში ჩვენი შვილისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარებოდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაც იყო, ნათესავები ამბობდნენ, რომ ჩვენი მხრიდან არავინ არ ყოფილა ასეთი და ალბათ, მეორე მხრიდან არის და მსგავსი აბსურდული მოსაზრებები.

ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მოგვიწია ჩვენი სახლის, ქალაქის დატოვება და თბილისში გადმოსახლება იმისათვის, რომ გაბრიელი ჩაგვერთო სხვადასხვა თერაპიულ და სარებილიტაციო პროგრამაში. ალბათ. ბევრმა იცის, რამდენი ვიბრძოლეთ, რომ გაბრიელი პროგრამაში მოხვედრილიყო და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივაღწიეთ სასურველ მიზანს. ჩვენ დავტოვეთ ოჯახი, სახლი, მეგობრები, სამსახურები. მეც და ჩემმა მეუღლემაც დავწერეთ განცხადებები და ნებით წამოვედით სამსახურიდან და ისე მოხდა, რომ გაბრიელის გამო მეც და ჩემმა მეუღლემაც შევიცვალეთ პროფესიები. მე ინჟინერი ვარ პროფესიით და 6 წელი ენერგო კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედით. ორი წელი გავატარე სრულ შინაპატიმრობაში, რადგან გაბრიელი პროგრამაში ვერ ჩაირიცხა და მე მიწევდა მასთან სახლში მუდმივად ყოფნა იმის გამო, რომ მეუღლემ დაიწყო მუშაობა თბილისში, სწორედ ამ დროს დავიწყე ტრენინგების გავლა და ამ საქმიანობის შესწავლა იმისათვის, რომ ჩემს შვილს დავხმარებოდი განვითარებაში. დღეს კი ერთ-ერთ ცენტრში ვარ სტაჟიორად და ვცდილობ. ჩემი ცოდნა სხვა ბავშვების განვითარებასაც მოვახმარო.

ასევე, როდესაც თბილისში გადმოვედი შევქმენი Facebook ჯგუფი „აუტიზმის მქონე ბავშვების მამები“, სადაც ბევრი მამა გავაწევრიანე, მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, მათი გააქტიურება ვერ მოვახერხე. თითზე ჩამოსათვლელია ალბათ ის მამები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვის ყოველდღიურ განვითარებაში.

უკვე სამი წელია, პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ, მოვაგვარებთ ერთ პრობლემას, მაშინვე მეორე იჩენს თავს, მერე მესამე და ასე შემდეგ. ამიტომ არის აუცილებელი პირველ რიგში ჩვენი მენტალიტეტის შეცვლა, იმისათვის, რომ ვიღაცამ არ უწოდოს გაბრიელს „ნარკომანის შვილი“, რომ ვინმემ არ დასცინოს ზურგს უკან, რომ მან შეძლოს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.

ბოლოს მინდა, დავასრულო მიმართვით და მოვუწოდო მამებს – ორი წელია, ვცდილობ მამების გააქტიურებას და დღემდე მცირედითაც ვერ მივაღიწიე, მოგმართავთ თქვენ – არ არის სირცხვილი, გყავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რა გვაქვს სასირცხვილო?! ჩაერთეთ თქვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეიძლება თქვენი შვილები არც საუბრობენ მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობის დროს სიტყვები არ არის საჭირო მათთან საკონტაქტოდ“.

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g