LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი პარკი” მიდის, ჯარიმები რჩება – რა იცვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?

თბილისის მერმა 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტა დააანონსა. როგორც კალაძემ განმარტა, კომპანია ბაზრიდან გავა და მას დროებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს.

გადაწყვეტილების მიზეზად, მერმაც და ვიცე მერმაც “სითი პარკისთვის” დაკისრებული ერთადერთი ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელა.

“30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილების მოუწესრიგებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ “სითი პარკს” ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ. 

“იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა”,- აღნიშნა ვიცე მერმა.

 

რა ელის გადაუხდელ ჯარიმებს?

მართალია, თბილისელ მძღოლებს “სითი პარკს” აშორებენ, თუმცა ეს ავტომატურად ჯარიმების გაუქმებას არ ნიშნავს.

მოქალაქეებს დაკისრებული ვალდებულებების გადახდა მოუწევთ – ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტას, არანაირი კავშირი არ აქვს.

კახა კალაძის მანქანა “სითი პარკის” ამკრძალავ ნიშანთან

“ვისზეც გამოწერილია ჯარიმა, მათ გადახდა მოუწევთ. თუ რა თქმა უნდა, ეს არასამართლიანად არ არის გაკეთებული. ძალიან ბევრი უსამართლო ჯარიმა იწერებოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

“სითი პარკი” მიდის – ფუნქციები რჩება

პარკირების საფასურის მოკრება გაგრძელდება, ისევე როგორც დაჯარიმებისა და ევაკუაციის პროცესი, თუმცა ამას “სითი პარკის” ნაცვლად თბილისის მუნიციპალიტეტი გააკეთებს. პროცესი 10 აპრილიდან დაიწყება.

გადაწყვეტილება არც ჯარიმების შემცირებას და არც სხვა შეღავათებს არ შეეხება.

მოქალაქეებს, ვისაც პარკირების ბარათი შეძენილი აქვთ, შესაბამისი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

“ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი გავლენა არ ექნება არც ჯარიმების და არც პარკირების საფასურთან”, – განმარტა ხმალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობას ფუნქციების გადაბარების რესურსი გააჩნია კონტროლიორებისა და სხვა სახით.

 

25 მილიონი მერიიდან, თუ ნახევარი მილიონი კომპანიიდან – ვინ დაარღვია ხელშეკრულება?

კომპანია სითი პარკისთვის თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამ საკითხზე მერიასა და მათ ხელმძღვანელობას შორის კონსულტაცია არ ყოფილა.

მერიისა და “სითი პარკის” ხელშეკრულება 2007 წელს არის გაფორმებული. მას ვადა 2025 წლამდე ჰქონდა. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო მერიის მხრიდან 25 მილიონ ლარამდეა.

თუმცა, მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობას ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

როგორც ხმალაძე განმარტავს, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.

“საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრვი ინტერესები და უფლებები”, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიას თავად დაეკისროს პასუხისმგებლობა.

” საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით, დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. უკვე უნდა დაიწყოს გადმობარების პროცესი”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

“შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. აქედან გამომდინარე, არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,”- განაცხადა ხმალაძემ.

კომპანია „სითი პარკმა” თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წელს გაიმარჯვა. აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას დედაქალაქში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლით მიენიჭა.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g