LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშო ჯავახიშვილი: „ირიაოსთვის“ ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო…“

1760

საქართველოდან წლევანდელი „ევროვიზიის“ მონაწილე, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრი, მიშო ჯავახიშვილი ჯგუფის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მიშო ეხმაურება საზოგადოების ნაწილის კრიტიკას „ირიაოსთან“ დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არტისტებისთვის ბოლო თვენახევარი საკმაოდ სტრესული გამოდგა, თუმცა ანსამბლის წევრებმა საკუთარი თავები და ერთმანეთი კარგად გამოსცადეს და ყველა სირთულე გადალახეს.

მიშო ჯავახიშვილი:

„ბოლო თვე-ნახევარი, „ევროვიზიისთვის“ მზადების განმავლობაში, ჩვენ კარგად გამოვცადეთ ერთმანეთი, ყველა სირთულე გადავლახეთ, რაც შეიძლება, მომავალში ყოფილიყო. ძალიან სტრესული იყო ეს ყველაფერი, რადგან ქართველებს გვახასიათებს, არაჯანსაღი კრიტიკა გამოვთქვათ ნებისმიერის მიმართ. როცა დგახარ ევროპის საბჭოში, მღერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ქართული ჩოხით, ქართული ჟღერადობით ან აკეთებ იმპროვიზაციას დუდუკით, ინსტრუმენტის გარეშე და ამას მილიონობით ნახვა აქვს და მერე ვიღაც ამ ყველაფერს რაღაცნაირად ეხმიანება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ან შურს, შეგნებულად აკეთებს ან შეიძლება, მისთვის ჩვენი მუსიკა სხვა რამ არის და ჯობია, რესტორნულ მუსიკას მოუსმინოს.

როცა გახდა ცნობილი, რომ „ევროვიზიაზე“ „ირიაო“ მიდიოდა, ვერ გაიგეს – რატომ „ირიაო“. კი, ბიჭები მაღალი გემოვნების მუსიკას ქმნიან, მაგრამ ევროპა ამას ვერ გაიგებსო. როცა მთელი ევროპა გაქვს მოვლილი, სადაც დიდი ოვაციებით გხვდებიან, ვერ ვიტყვი, რომ ევროპა ამას ვერ გაიგებს. ბევრი უცხოელი გვწერს, რომ მათთვის ჩვენი სიმღერა საყვარელი სიმღერა გახდა. „ევროვიზიის“ შარშანდელი გამარჯვებულის, სალვადორ სობრალის დამ მიმოიხილა „ევროვიზიის“ საწყისი პერიოდი. მან ჩვენზე დაწერა, რომ საქართველოდან მონაწილეობს ჯაზბენდი საინტერესო მუსიკითო და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ კონკურსზე ალბათ, რაღაც შევცვალეთ, რადგან ასეთმა ჯგუფმა გადაწყვიტა „ევროვიზიაზე“ მონაწილეობაო.

მაყურებელზე ისიც მოქმედებს, რომ სცენაზე საოცარი ხმების, ჰარმონიული ჟღერადობის უკან სიმპათიური ბიჭები დგანან.

რამდენიმე დღის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ნათია მშვენიერაძე, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, გაემგზავრა პორტუგალიაში, ჩაიტანა სიმღერა, შეფუთვა. იქიდან მოგვწერეს: თქვენ მოდელები გყავთ თუ მომღერლები, რა ხდებაო…

დაბოლოს, როგორია მოლოდინი?

„ევროვიზიაზე“ საკმაოდ სიმკაცრეა, თავისუფლად ვერ მოიქცევი. თუ უნდა გაიხედო მარცხენა მხარეს, უნდა გაიხედო მარცხენა მხარეს. ვფიქრობდი, სცენაზე რომ გავალ, შეიძლება, რაღაც შევცვალო-მეთქი, მაგრამ გადამიწურეს იმედები: არ გვექნება ის თავისუფლება, რაც სცენაზე გვახასიათებს, ცოტა შებოჭილები ვიქნებით, მაგრამ ამას ვერ იგრძნობს მაყურებელი.

სულ ვაკვირდები, რას წერენ უცხოელები ჩვენზე. მათთვის „ირიაო“ ქართული მრავალხმიანობა ეგზოტიკური და განსხვავებულია, მაგრამ როცა მეუბნებიან, ეს არ არის „საევროვიზიო“ ფორმატის სიმღერა, შეიძლბა, ვერ გაიმარჯვოთ, რადგან არ ზიხართ ფორმატშიო, ვეკითხები: სალვადორის სიმღერა იჯდა ფორმატში? რა თქმა უნდა, არანაირ ფორმატში არ იჯდა, მაგრამ გამარჯვებული გახდა“.

როგორც ჟურნალი „თბილისელები“ წერს:

„10 მაისს, „ევროვიზიაზე“ საქართველოს უნიჭიერესი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს. მათი ნამღერის მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა და ამიტომაც, „ირიაოს“ არაერთ ქვეყანაში არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე დიდი წარმატებები ხვდა წილად“.

აქვე შეგიძლიათ, ნახოთ „ირიაოს“ კლიპი და მოისმინოთ სიმღერა, რომლითაც ისინი 10 მაისს, საქართველოს „ ევროვიზიაზე“ წარადგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები