LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლის სადიდებელი საგალობლები და საზეიმო ღონისძიებები – როგორ შეხვდნენ აღდგომას სხვადასხვა კომფესიები (ფოტოები)

701

აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. ტაძარში ზუსტად 12 საათზე სააღდგომო ღვთისმსახურება შესრულდა – ქადაგება, ლოცვა და ევქარისტია.   წაიკითხეს რამდენიმე ეპიზოდი სახარებიდან  ქრისტეს ცხოვრების შესახებ.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ფესტივალი გაიმართა, სადაც ახლგაზრდებმა ლექსები წაიკითხეს. შესრულდა სიმღერებიც. დილის ხუთი საათისთვის კი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურები, მრევლთან ერთად ტაბახმელას ტერიტორიისკენ გაემგზავრნენ, სადაც ცისკრის ლოცვა აღავლინეს.

„ეს არის სინათლის სიბნელეზე გამარჯვება, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. მინდა, ყველას მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული“, – განაცხადა ევანგელურ-ბატისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა.

 

 

აღდგომა იზეიმეს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან ბაბტისტა კავშირში. ღამის თევის დროს შესრულდა საგალობლები. სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდიც წაიკითხეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი შეკრებილმა მრევლმა პასკები გაჭრა და წითლად შეხებილი კვერცხით ერთმანეთს ქრისტეს აღდგომა მიულოცა.

 

 

აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს მრევლი ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში.
საქართველოში მოქმედ შვიდივე ეკლესიაში, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს, სადღესასწაულო მსახურება 11:00 საათზე დაიწყო. რუსთავში ღონისძიება უფროსმა პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ გახსნა. პასტორმა მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, რის შემდეგაც მგალობელთა გუნდმა უფლის სადიდებელი საგალობლები იგალობა.

 

 

საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში.სახარების რწმენის ეკლესიაში ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა იქადაგა. ეპისკოპოსმა ყველა ქრისტიანს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ეპისკოპოსმა ქადაგებისას ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იესო ქრისტეს აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის და რომ ყველამ უნდა ადიდოს უფალი.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სახარების რწმენის ეკლესიაში შესრულდა საგალობლები და რელიგიური შინაარსის სიმღერები. წაიკითხეს ეპიზოდები ბიბლიიდან.

 

 

აღდგომა საზეიმოდ აღნიშნეს ნინოწმინდაში მცხოვრებმა დუხობორებმა. დღესასწაულის შესახვედრად და სალოცავად მორწმუნეები დუხობორების მუზეუმში შუაღამისას შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს საკუთარი როლი და ფსალმუნი ჰქონდა, რომელებიც წაიკითხეს. ფსალმუნების კითხვის დასრულების შემდეგ, დუხობორებმა იგალობეს.

გალობის შემდეგ კი, მათ ერთმანეთს აღდგომა მიულოცეს და მომავალ ლოცვამდე დაემშვიდობნენ.

 

 

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში. ეს მონასტერი ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ღვთისმსახურება ქართულ და არამეულ ენაზე აღევლინება.

უკვე წლებია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს არამეული წირვა-ლოცვით და საგალობლებით ეგებებიან. საგალობლებს მართლმადიდებელი ასურელების სულიერი მოძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით ხარიბი ქმნის.

ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს არამეული გალობის მოსასმენად ქანდაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.

ცნობისთვის, ქანდა მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ის ძირითადად, ასურელებით არის დასახლებული. ამჟამად სოფელში 540 ასურელი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g