LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ხდება შოვი თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი – კურორტზე მიწები იყიდება

155
შოვი-ქავერი

კურორტ შოვის ინვესტორი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რა აფერხებს შოვის პროექტის განვითარებას. ინვესტორი კურორტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების რეალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვს და კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ გვსურს ღიად ვისაუბროთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე, რაც წლების განმავლობაში აფერხებს პროექტის განვითარებას და დავაფიქსიროთ ყველა ის პრობლემა, რის გამოც პოპულარული და ცნობილი შოვის კურორტი ვერ ხდება თანამედროვე და მოთხოვნადი ტურისტული ადგილი როგორც ქართველების, ასევე უცხოელებისთვის. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვენ და ეს პირველ რიგში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იმ ფართობების აუქციონზე გამოტანას ეხება, რომლებიც კურორტის ნაწილს წარმოადგენენ. თან საუბარია ისეთ მიწებზე, რომლებიც შოვის კურორტის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით სარეკრიაციო ზონაში შედიან, რითაც საფრთხე ექმნება ერთიან განაშენიანებას. ამასთან, იკვეთება კონკრეტული ინტერესები კონკრეტული მიწის ფართობებთან დაკავშირებით, რაც ასევე ცუდი არ არის და ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ არსებობს რიგი პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლოა აღნიშნული მიწების რეალიზაციამ შეუძლებელი გახადოს. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს შოვში მიწის ფართობების რეალიზაციის აუქციონები სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ მოხდება კურორტის გენერალური გეგმის დეტალების შეთანხმება, ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით და სანამ არ გადაწყდება, თუ რა გზით უნდა განვითარდეს შოვის კურორტი”, – ნათქვამია შოვის ინვესტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2006 წელს ყაზახურმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი პანსიონატი „მამისონი”, რომელიც კურორტის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა 2008 წლის ომისა და 2009 წლის ფინანსური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა და საქმიანობა 2016 წელს განახლდა.

“უკვე ამ დროიდან ინვესტორისა და მმართველი კომპანიის მიერ განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი საქმიანობა, რაც უკავშირდებოდა შოვის თანამედროვე ევროპულ სამთო კურორტად ფორმირებას. მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად მომზადდა შოვის კურორტის განვითარების ერთიანი გენერალური გეგმა ავსტრიული კომპანიის მიერ; სლოვაკი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი ბალნეოლოგიური რესურსების შესწავლა და საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი ანალიზი, შეიქმნა კურორტის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია “ერნსტ ენდ იანგის” მონაწილეობით. შესაბამისად, არსებობს შოვის განვითარების გეგმა და ინვესტორის სურვილი, რომ დაიწყოს მშენებლობა და კურორტის აქტიური განვითარება მომზადებული გეგმების მიხედვით. ამ სურვილს კი ის ინვესტიცია მოწმობს, რაც დაიხარჯა კვლევებსა და განვითარების გეგმების მომზადებაზე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, წლებია პროექტი ფერხდება შემდეგი მიზეზების გამო:

შოვის კურორტის ინვესტორის მიერ მომზადებული კურორტის განვითარების გენგეგმა არ დამტკიცებულა ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ ონის საკრებულოს მიერ. პროცესი ჭიანურდება, რაც აფერხებს ინვესტიციების განხორციელებას და კურორტის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების და საქმიანობის დაწყებას. პარალელურად ადგილზე მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მასობრივი რეგისტრაცია, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, აღინიშნება კანონის დარღვევა, ეს კი ახალ პრობლემას წარმოშობს კურორტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარების კუთხით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ შექმნილი ვითარება და ‘ხელი მოითბონ’ შოვის კურორტის განვითარებაზე”, – წერია შოვის ინვესტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g