სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ახალი ინიციატივა — „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ წარადგინეს.
როგორც ინიციატივის ავტორები ამბობენ, ეს იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთგვარი ალტერნატივა, რომლის მთავარი მიზანიც არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა.
მისი თქმით, ჩატარებული არჩევნები სასურველი სტანდარტებისგან ძალიან შორს იყო და ცესკოს მხრიდან დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ ფაქტორად იქცა.
„უკვე ერთი წელია, სახელმწიფო დაუსრულებელი კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას და თვითმმართველობის არჩევნები ამ და სხვა გარემოებების გამო აბსოლუტურად განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.
ამიტომ, „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ და ჩვენ, მოძრაობა „სირცხვილია“ წარმოვადგენთ ახალ ინიციატივას – „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას,“ – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
დიღმელაშვილის თქმით, ორგანიზაციას სურს, რომ არჩევნების პროცესში უზრუნველყოს:
- წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
- არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება;
- არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ამისთვის შეიქმნა ვებსაიტი cec.org.ge, სადაც, დიღმელაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩევნების პროცესში სრული სურათი ერთ მისამართზე იხილონ. „სირცხვილიას“ განმარტებით, კენჭისყრის დღეს ვებსაიტზეც ორგანიზებულად და ოპერატიულად აიტვირთება არჩევნების ოქმები და შედეგები, რაც ონლაინ რეჟიმში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.