Ferrero საქართველოში თხილის პლანტაციებს ყიდის, – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Ferrero-ს შვილობილმა კომპანია „აგრიჯორჯიამ“ 1500 ჰექტარ ფართობზე გაშენებული პლანტაციები უკვე გაყიდა. ინფორმაციას ადასტურებენ „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“. გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიამ აბაშაში, მარტვილსა და სენაკში მდებარე პლანტაციები გაასხვისა, თუმცა, მის მფლობელობაში ჯერჯერობით რჩება ზუგდიდში, წალენჯიხასა და ხობში მდებარე პლანტაციები.
„ბიზნესპარტნიორის“ კიდევ ერთი ინფორმაციით, Ferrero საქართველოს დატოვებას აპირებს. Ferrero-ს ქართულ წარმომადგენლობა „აგრიჯორჯიაში“ ამ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, Ferrero საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და შპს “აგრიჯორჯია” დააარსა. კომპანიამ სამეგრელოში თხილის პლანტაციებისთვის მიწები შეისყიდა და გადამამუშავებელი საწარმოები ააშენა. ძირთადი საქმიანობა Ferrero ჯგუფისთვის თხილის კულტივაციაა.