ტანძია-ჩიტარეთის გზაზე მოსახლეობა „RMG Gold“-ის სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. საპროტესტო აქცია ადგილობრივმა მოსახლეობამ დილიდან დაიწყო და ოქროს მომპოვებელ მანქანებს არ უშვებს.
მოსახლეობა ახალ, ღია კარიერების აშენებას აპროტესტებს, რაც მათი განცხადებით, რეგიონში ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფის ზღვარზე მიიყვანს.
„აპირებენ ღია კარიერის ამოქმედებას, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის კი არა სიცოცხლისთვის არის საფრთხე. ჰაერზე რომ გაზომოთ ჩემი სახლიდან 800 მეტრი იქნება. ამიტომ გადავკეტეთ გზა და სანამ არ გაჩერდებიან და სანამ არ დავრწმუნდებით, რომ აღარ აპირებენ მუშაობას ჩვენც გავჩერდებით.
იყვნენ გუშინ ამოსული „RMG”-ის წარმომადგენლები, დღესაც ველოდებით. თუ ისევ ისინი ამოვიდნენ ვინც გუშინ იყვნენ, მათ არ მოვუსმენთ. იმიტომ რომ გუშინ დაგვცინოდნენ. გვითხრეს, ვინ მოგახსენათ, რომ უცებ კლავს ადამიანსო? – უცებ არა დროთა განმავლობაშიო,“- აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი ვეფხვია ღვალაძე.
მოსახლეობა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.
„თუ აქ დარჩა ღია კარიერი იქნება მეორე საყდრისი. სოფელი წაიშლება, აღარ იარსებებს სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი. გვეუბნებიან, რომ მოგვანიჭებენ მაღალმთიანობას. ხალხს ჰპირდებიან სამსახურებს, რაც დაუშვებელია ჩვენთვის. არცერთი ჩვენთაგანი არ წავა და არ იმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ გაიხსნას კარიერი“ – აცხადებს აქციის მონაწილე უსუპ გაბლიანი.