LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა არასრულწლოვანსა და მეუღლეზე – ორ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

100

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორი პირის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ. -ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს – შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ,”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g