„ბატონმა ბიძინამ ამ კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა. მოგეხსენებათ, ის, წლების განმავლობაში, სოციალურ ინვესტიციებს ახორციელებს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს სანატორიუმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ორი წლის წინ დაანონსებული გეგმა აღსრულების ეტაპზეა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სანატორიუმებს პრივატიზაციისთვის და მათ საპრივატიზებოდ უახლოეს პერიოდში გამოიტანს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის ინტერესი მაღალი იქნება.
„ბიძინა ივანიშვილის მიზანია კერძო ბიზნესის წახალისება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ან კერძო ბიზნესს დასჭირდება დახმარება ამ მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებაში, ის და მისი „ქართუ ფონდი“, როგორც ყოველთვის, მზად არის დასახმარებლად“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც იცით, 2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებდა.
„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები გელათის, მოწამეთას, კაცხის სვეტის, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, ოკაცეს კანიონის მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება“ – ამბობდა მაშინ ივანიშვილი და იქვე განარტავდა, რომ ის მზად იყო გამოესყიდა უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოეხდინა მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.