ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ინფორმაცია “ფორტუნას” კლინიკაში დაუდასტურეს.
ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.
“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.