LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს საბანკო სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავეა

94

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემამ გაუძლო არაერთ ეგზოგენურ შოკს. ამავე დროს შეინარჩუნა სტაბილურობა და სიცოცხლისუნარიანობა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საბანკო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

90-იანი წლების ბოლოს 200-ზე მეტი რეგისტრირებული ბანკიდან, რომელთა უდიდესი ნაწილის კაპიტალიზაცია მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდებოდა, დღეს 16 ბანკი ოპერირებს, სანაცვლოდ, მათი აქტივების მოცულობა 34 მილიარდ ლარს აჭარბებს, ორი ქართული ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ასეთი წარმატებისთვის ამიერკავკასიის არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია. საქართველოს საბანკო სისტემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და წარმატებული პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“, „მსოფლიო ბანკმა“ და, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კომერციული ბანკების მიმართ არაერთგვაროვანია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ საჭიროა, გაიმართოს მეტი დისკუსია და პროფესიული განხილვა, რათა საზოგადოებამ შეიტყოს, რა გამოწვევების წინაშეა საქართველოს საბანკო ინდუსტრია და როგორია მისი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს საბანკო სისტემის ჯამური სააქციო კაპიტალი შეადგენს 4.6 მლრდ. ლარს, აქედან 90% – ქვეყანაში მოზიდული უცხოური კაპიტალია; ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 22 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მშპ-ის 50%-ზე მეტია. აღნიშნული თანხით დაფინანსდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება, ფიზიკური თუ იურიდიული პირები; სწორედ საბანკო კრედიტების ხარჯზე შექმნილია ასობით ათასი სამუშაო ადგილი. უშუალოდ საბანკო სისტემაში დასაქმებულია და საკუთარ ოჯახს არჩენს, დაახლოებით, 25 ათასი ჩვენი თანამემამულე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთან, თავის გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ საბანკო სექტორსაც აქვს თავისი „სისუსტეები“, რომელთა აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა.

სახეზე გვაქვს გარკვეული პრობლემები, სისუსტეები და გამოწვევები. პირველ რიგში, ვგულისხმობ მომხმარებელთა უფლების დაცვასა და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, მიიღო კანონთა პაკეტი, რომელიც არეგულირებს საბანკო ჰოლდინგების, ბანკების არაპროფილური აქტივების, მენეჯმენტის გამჭვირვალეობის, სამართლიანი კონკურენციისა და სხვა საკითხებს, ასევე დამატებით უფლებებს აძლევს ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა-რეგულირების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფისთვის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g