“მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძის თქმით, უწყებას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინულ მხარესთანაც და მათგან დარწმუნებითაც, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია:
“ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დეპარტამენტში.” – თქვა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ დღეს, დილით “ფეისბუქში” ჯერ დაწერა, შემდეგ ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა, ამის შემდეგ კი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დაიძრან თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ერთ-ერთ ასეთ კოლონას თავადაც შეუერთდება.