“კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარი მოწოდებებით:
“ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.
საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ, პასუხისმგებელი, ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო, მჯერა, არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე, თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგისა და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.
ქვეყნის სტაბილურობა ჩვენი საერთო მონაპოვარია, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა და ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.