“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და ის, რომ მისი ქვეყანაში ყოფნის შესახებ არავინ იცოდა, სპეცოპერაციის წესების შესაბამისად მოხდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
“სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით, ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა…
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც, 18 წელი არ დაასვენა ქვეყანა. ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. არავითარი აქციის რესურსი, ქუჩაში გამოსვლის რესურსი, გადატრიალების რესურსი მათ არ აქვთ, ვერაფერს მიაღწევენ. “ქართული ოცნება” არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ხმა ვაკის 53-ე უბანში მისცა. როგორც მან განმარტა, რომ დღეს პროვოკაციებს ელოდებიან, თუმცა ყველა გაფრთხილებულია, რომ არც ერთ პროვოკაციას უხეშად არ დაუპირისპირდნენ.