LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შედგა ანაკლიის პორტის პროექტი? – ბიძინა ივანიშვილს ფოთის თიზ-ში გასაიდუმლოებული წილი აქვს

195
page

ბიძინა ივანიშვილის დამალული ქონება “პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, – ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს, სადაც ამბობენ, რომ გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს, რომ არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ფოთის მონოპოლიას შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს, რომლებიც Pandora Papers-ის სახელით ერთიანდებიან. დოკუმენტები მათ შორის ეხება ექს-პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც. გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა, ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. ამ 12 კომპანიიდან ერთ-ერთია Brightstone Finance Limited, რომელიც ფოთის თიზ-ის მენეჯმენტ კომპანიის მეწილეა. სწორედ ამ კომპანიის შესახებ აქვეყნებს განცხადებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც აცხადებს, რომ Pandora Papers-ის მასალები ადასტურებს წარსულში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ჩართული ფოთის თიზ-ის საქმიანობაში და იქ ბიზნესინტერესები გააჩნია.

“როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ თავისი 2020 წლის 27 ოქტომბრის პრეს-რელიზში განაცხადა, Brightstone Finance Limited ფლობს 51%-იან წილს ქართულ კომპანიაში – Eurasian Invest, LLC. Eurasian Invest კი თავის მხრივ სრულად აკონტროლებს მეორე ქართულ კომპანიას – Euro-Asian Management LLC. Euro-Asian Management LLC კი, მენეჯმენტ კონტრაქტის საფუძველზე, სრულად აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს.

თანდართული სქემა აღნიშნული გართულებული, მაგრამ სრული კონტროლის სქემის დეტალურ სურათს იძლევა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს მისივე მთავრობამ წამოიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, უკვე 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პროექტის ოპონირება დაიწყო. ანაკლიის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ქვე-ტექსტი ყოველთვის მოიცავდა მითითებებს თითქოსდა უფრო მარტივად და იაფად განხორციელებად პროექტზე – ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე. „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რაც ისედაც ცხადი იყო: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ-ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი – ფოთის პორტის განვითარება.

ვინ რა დამალულ ქონებას ფლობს - ბიძინა ივანიშვილი პუტინთან, ალიევთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად Pandora Papers-ში მოხვდა

მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებ ახალი მასალები გამოქვეყნდა

ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობაზე. „პანდორას ფურცლებმა“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ეს არის გლობალური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – როგორც ამას „პანდორას ფურცლები“ აჩვენებს.

როგორც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებშია, თუმცა საქართველოს მთავრობის ქცევა ანაკლიასთან მიმართებით კითხვებს აჩენს მის რეალურ გეგმებთან დაკავშირებით. მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს ტენდერი ანაკლიასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ოფიციალური აღიარებაც გააკეთა, რომ არსებობს ტენდერის ჩავარდნის მაღალი რისკი. ანაკლიასთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის მოქმედება საყურადღებო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას.

დროა, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახუროს და ანაკლიის პორტის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო და უმოკლესი გზა აირჩიოს – ემუშაოს კონსორციუმს, რათა უზრუნველყოს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მილიარდერის ინტერესებს, რომელსაც ქონება ოფშორში აქვს გადამალული და არ გააჩნია ანგარიშვალდებულება ქვეყნის იურიდიული და პოლიტიკური ინსტიტუტების წინაშე,” – ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g