იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანამ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მიაღწია 20 ათას აცრილს დღის განმავლობაში, მაშინ პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვ აუცილებელი გახდება.ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის ეს საკითხი არ განხილულა და სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში სარეზერვო გეგმაა.
„თუ შედეგს მივიღებთ, ძალიან კარგია, არ დაგვჭირდება სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი. 20 ათასის ქვემოთ ჩვენთვის ყველაფერი მცირეა. მინიმუმ 20 ათასი (აცრა დღეში) არის ის რიცხვი, რომელიც წლის ბოლოს მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია პანდემიის კონტროლს. ეს არ არის საბოლოო სამიზნე. ჩვენი საბოლოო სამიზნე, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, არის მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გადალახა და ის რიცხვი, რომლისკენაც ყველა ის ქვეყანა მიისწრაფვის, სადაც დელტა ვარიანტი არის დომინანტური. ჩვენც ამ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით“, – ჩხაიძის აღნიშნულ კომენტარს “იმედი” ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 075 ადამიანი აიცრა. 6 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 836 443 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.0%; სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %.
დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 კიდევ ადამიანი.