საქართველო მიმზიდველი ადგილმდებარეობაა ბიზნესსერვისების აუთსორსინგის მიმართულებით, – ამის შესახებ Ryan Strategic Advisory საკუთარ ანგარიშში წერს, ინფორმაციას კი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, Invest in Georgia-ს თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, Ryan Strategic Advisory-მ ევროპის ბიზნესსერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.
ანგარიში მიმოიხილავს ბიზნესსერვისების Outsourcing-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი – მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
„სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა: Concentrix; Majorel და EPAM, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.