LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე 4 პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს: საქართველოს პროკურატურა

155
ბრიტანეთის მოქალაქე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე 4 პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის – ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g