„არ ვიცი, სურათს მაჩვენებთ, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს შენობაში ნაპოვნი მოწყობილობის მსგავსი ფოტო და ანოტაცია აჩვენა, სადაც ნათქვამია, რომ მოწყობილობას სიგნალის ჩახშობა შეუძლია.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოწყობილობა რეალურად პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობისთვის გამოიყენება და ამაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს.
„როგორც სამინისტროს განცხადებაში წავიკითხეთ, ეს იყო პოლიციელებს შორის კავშირგაბმულობის სისტემის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სპეციალური აპარატურა, რომელიც მიზანს ისახავს, რომ პოლიციელებს შორის კავშირში არ იყოს შეფერხებები, სწორედ ამისთვის იყო მიტანილი იქ ეს აპარატურა, შესაბამისად, კითხვები არ უნდა არსებობდეს,“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.