LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის – ხოშტარია შიმშილობაზე

173
1

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 3 ნოემბრიდან შიმშილობს, აცხადებს, რომ საკითხი, რის გამოც შიმშილობს, ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა დგას.

ხოშტარიას თქმით, არანაირი წყენა არ აქვს “ქართული ოცნების” არც ერთი წარმომადგენლის მიმართ, ვინც მას პირადად ესხმის თავს.

ხოშტარიას თქმითვე, ზუსტად იმავეს იზამდა თუნდაც მმართველი პარტიის წევრის ნინო წილოსანისთვის ან ბიძინა ივანიშვილისთვის, რასაც, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გამო აკეთებს:

“სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, არც ერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო, ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა. მე განწყობილი ვარ მშვიდად, რაციონალურად ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და ეს არის დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება.

მინდა აღვნიშნო, დღეს იყო მოსული ირაკლი ზარქუა, ასევე ლევან იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ზიზღის კამპანია არ წყდება და მუდმივად მიმდინარეობს, მე ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქ მოდის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ არანაირი წყენა არ მაქვს არც წილოსანის მიმართ, “ქართული ოცნების” არც ერთი წარმომადგენლის მიმართ, ვინც პირადად მესხმის თავს. საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის. სიცოცხლის უფლებაზე ჩვენ თუ არ შევთანხმდით ამ ქვეყანაში, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს.” – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g