მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისთვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სამართლებრივი მიზეზი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს აქვს ერთკვირიანი ვადა მთავრობის შემადგენლობის დასახელებისათვის.
“ერთი კვირის განმავლობაში შეუძლებელია კანონებში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, ცვლილებები უნდა შევიდეს მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა, საჭიროა პროექტის ინიცირება და შემდეგ სამი მოსმენით განხილვა. კანონპროექტი მიდის პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება და ასე შემდეგ. აღნიშნული პროცედურების გავლა ერთი კვირის განმავლობაში არის შეუძლებელი. მთავრობის შემადგენლეობის 1/3-ით განახლება ავტომატურ რეჟიმში მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს. სუფთა სამართლებრივი მიზეზია, რომ ჩვენ რამდენიმეკვირიან ინტერვალში მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადება გვიწევს,“ – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.