მსახიობი ეკა ნიჟარაძე გიორგი გაბუნიას გადაცემაში „მთავარ არხზე“ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. მას არ სურს, იცოდეს, ვინ არიან პოლიტიკოსები, ვინ დგას ქვეყნის სათავეში, მაგრამ მათ საზოგადოებაზე უნდა იზრუნონ.
ეკა ნიჟარაძე:
„რაც უნდა გძულდეს ადამიანი, ჩემთვის წარმოუდგენელია ლაივში ამის ჩვენება. ტერორისტები რომ გამოდიან და თავებს აჭრიან პირდაპირ ეთერში, ასეთი მდგომარეობაა. მგონია, რომ მიუშვა, კოცონზეც დაწვავენ, ქვებით ჩაქოლავენ, ისეთი ზიზღია.
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამდენი წელია, ელოდებიან სამართლიანობის აღდგენას. ბევრი შეკითხვა გვაქვს ალბათ ყველას იმ ცხრა წლის დროინდელ გადაცდომებზე, არ ვგულისხმობ პიჯაკებსა და ქაშმირის პალტოებს, მაგრამ ჩვენც გვაინტერესებს… რატომ არ აქვთ მოთხოვნა, ეს კაცი დააყენონ ფეხზე, მოუარონ, გადაიყვანონ საავადმყოფოში იმისთვის, რომ წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ბევრი დავა იყო, ჩამოვიდოდა თუ არა. ა, ბატონო, ჩამოვიდა. დააპატიმრეს და რა პირობებშია, ეს ცალკე ამბავია. როგორიც არის, იმ სასამართლომდეც კი არ მიჰყავთ. ეს არის სცენარი, რომლის მონაწილეც რატომ გახდა საქართველო, ჩემთვის გაუგებარია… როგორ არ უჩნდებათ პროტესტი თუნდაც იმის მიმართ, რომ რუსულ არხებზე ეს კადრები რომ დაინახეს, ბედნიერების მწვერვალზე იყვნენ. რაც უნდა გამწარებული იყო სააკაშვილზე, როგორ არ გაგიჩნდა პროტესტი ამის შემხედვარე?..“