LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიციატივა ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით ნაჩქარევია და მხოლოდ საზოგადოებისგან კეთილგანწყობის მიღებას ისახავს მიზნად – აფბა

83
ონლაინ-კაზინოები-საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ონლაინ აზარტული თამაშებისა რეგულირებასთან დაკავშირებით მიესალმება, თუმცა, ამავდროულად, მოუწოდებს ხელისუფლებას ამ სექტორის სრულად აკრძალვისგან თავი შეიკავოს, ვინაიდან აკრძალვა ვერ იქნება გამოსავალი.

„აფბა მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ონლაინ თამაშებისთვის გაცილებით უფრო მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავებას, რეკლამის შეზღუდვასა და ასაკობრივი ზღვრის გაზრდას გულისხმობს, თუმცა, ამავდროულად, მოუწოდებს ხელისუფლებას სექტორის სრულად აკრძალვისგან თავი შეიკავოს.

აფბა მრავალი წელია აქტიურად სწავლობს აზარტული თამაშების სექტორს და მისგან მომდინარე უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო. ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, ეკონომიკის პარაზიტად იქცა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

ქვეყნის განსაკუთრებულ პრობლემად იქცა რეგულაციების მიღმა მყოფი ონლაინ აზარტული თამაშები, სადაც არასრულწლოვანები მარტივად რეგისტრირდებიან და თამაშობენ. აქ არსებობს ასევე ფულის გათეთრების რისკიც. გარდა ამისა, სექტორი ბიუჯეტში მიზერულ თანხებს იხდის, ბრუნვის მაჩვენებელი კი წლიდან წლამდე მილიარდობით ლარით ეზრდება. პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც მიწის კაზინოები თითქმის მთელი წელი დაკეტილი იყო, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6 მილიარდით გაიზარდა და  32 მილიარდ ლარს მიაღწია.

აფბა წლებია ითხოვს სათამაშო ბიზნესის, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოების რეგულირებას. ორგანიზაცია ჩართული იყო ბოლო ორი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაში, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას გულისხმობდა, თუმცა, სამწუხაროდ, პარლამენტმა ორივე ინიციატივა ჩააგდო. პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება და ერთხელ და სამუდამოდ კონტროლს დაექვემდებარება ონლაინ კაზინოები, ისე როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ ინიციატივა ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვასთან დაკავშირებით ნაჩქარევია და მხოლოდ საზოგადოებისგან კეთილგანწყობის მიღებას ისახავს მიზნად. აკრძალვა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი. საჭიროა სწორი და ეფექტური რეგულირების მექანიზმების შემუშავება, რომელიც ერთი მხრივ გაზრდის ამ სექტორისგან ბიუჯეტში შეტანილ თანხებს, ხოლო მეორე მხრივ შეამცირებს მოთამაშეების რაოდენობას, რაც წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში. სწორი რეგულირების პირობებში ონლაინ თამაშების მასშტაბები თავისთავად შემცირდება.

ონლაინ აზარტული კომპანიების დარეგულირებასთან დაკავშირებით, ისეთ რიცხვებს „აბრახუნებენ”, საერთოდ საკითხთან კავშირი რომ არ აქვს – პაატა ბაირახტარი

აფბა მიესალმება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვასაც.  მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს არა რეკლამის სრულად აკრძალვა, არამედ მისი შეზღუდვა, ისე როგორც ეს ხდება ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში. სათამაშო ბიზნესის რეკლამა უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებთან. სატელევიზიო ბადეებში დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ დროის გარკვეულ და მკაცრად შეზღუდულ პერიოდში, ანუ საჭიროა მათთვის საათობრივი ზონებისა და გეოგრაფიული არეალების ზღვრული ნორმების დადგენა-ადმინისტრირება.

უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სათამაშო ბიზნესი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს რეკლამაში, შესაბამისად მათთვის რეკლამის სრულად აკრძალვა საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება მედიისა და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

და ბოლოს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ იმედს იტოვებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვება შესაბამისი ქმედითი საკანონმდებლო ინიციატივები და გადაწყვეტილებები და ამჯერად მაინც რეალურად მოხერხდება ონლაინ კაზინოების რეგულირება“, – ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g