LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დელისის” მეტროს მიმდებარედ, გარემოვაჭრე 50 ლარით დააჯარიმეს და პროდუქცია ჩამოართვეს

119
1

თბილისში, “დელისის” მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აშალეს.

როგორც გარემოვაჭრეებმა ჟურნალისტებთან თქვეს, ინსპექციის თანამშრომლებმა მათი პროდუქცია დააზიანეს და ძირს დაყარეს.

“ფორტუნას” მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, რომ “დელისის” მიმდებარედ, ერთი კვირის განმავლობაში, სამჯერ მოხდა წინასწარი გაფრთხილება და გარემოვაჭრეებს სთხოვეს, რომ დახლები აღარ გაეშალათ.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სამსახურის თანამშრომლები უფლებამოსილების ფარგლებიდან არასდროს გადიან და მათ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოუწიათ, კანონი კი, მათივე თქმით, ინვენტარის კონფისკაციას და ჯარიმას ითვალისწინებს.

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, დაჯარიმდა ერთი პირი – 50 ლარის ოდენობით და ასევე მოხდა პროდუქციის გარკვეული რაოდენობის კონფისკაციაც:

“გარე ვაჭრობა კანონით შეზღუდულია. ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი განყოფილება გარევაჭრობის მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს. ზოგან შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევა, ზოგან რამდენიმე და ამ რამდენიმემ უფრო გააპროტესტოს და ამიტომ გამოჩნდეს, თორემ სხვაგანაც ხდება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, “დელისის” მიმდებარედ, წინასწარ, სამჯერ მოხდა წინასწარი გაფრთხილება ერთი კვირის განმავლობაში, სამჯერ მივიდნენ ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და სთხოვეს, რომ აღარ გაეშალათ დახლები.

იმის გარდა, რომ გარევაჭრობა არ არის კანონიერი, ასევე მოგვმართავენ შეწუხებული მოქალაქეები, ძალიან ბევრი თხოვნა შემოდის – აშალეთ გარევაჭრობა, შეწუხებულები ვართ სისუფთავის მხრივ.

ტროტუარზე გასავლელი ადგილი არ იყო დარჩენილი, ქუჩაზე იყვნენ გადმოსულები. სამჯერ გავაფრთხილეთ და ამ გაფრთხილებებმა რომ არ გაჭრა, ჩვენს თანამშრომლებს მოუწიათ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და კანონი ითვალისწინებს ინვენტარის კონფისკაციას და ჯარიმას. დაჯარიმდა ერთი ადამიანი 50 ლარით. რაღაც რაოდენობის კონფისკაციაც მოხდა, სხვა გზა არ იყო, კონფისკაცია კანონით დაშვებულია.

სამი-ოთხი მოვაჭრის პროდუქტის ნაწილის კონფისკაცია მოხდა.

კანონი გულისხმობს კონფისკაციას, ან დაჯარიმებას კონფისკაციით. თუ დაჯარიმდა, კონფისკაციაც უნდა მოხდეს. მას, ვინც 50 ლარით დაჯარიმდა, კონფისკაციაც შეეხო.
თუმცა კანონის მიხედვით, შესაძლებელია კონფისკაცია შეეხოს და არ დაჯარიმდეს პირი.

პატრულის გამოძახება მოგვიწია, რადგან წინააღმდეგობას გვიწევდნენ და არ უნდოდათ გასვლა, ჩვენ უფლებამოსილების ფარგლებიდან არასდროს გავდივართ.” – განაცხადეს მუნიციპალურ ინსპექციაში. 

სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნას ცდილობენ:

“ხშირად კერძო ბაზრობებთან გვაქვს მოლაპარაკება და ვთხოვთ, ბაზრობებზე უფასოდაც შეუშვან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ მოქალაქეებს ბაზრობებზეც აქვთ საკუთარი ადგილები და ამასთან, გარეთაც გამოაქვთ პროდუქცია, თუმცა კანონით ეს არ შეიძლება და სხვა მოქალაქეები ზარალდებიან.” – აღნიშნავენ ინსპექციის სამსახურში.

გარემოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ ვაჭრობა მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g