მოგიწოდებთ, კარგად დააკვირდეთ შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში და მადლობის სიტყვები უთხრათ საქმიანობის პროცესში და არ შეინახოთ ეს მადლობა სამომავლოდ – ამის შესახებ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა “რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სწორედ წარმართული სამუშო პროცესისთვის” და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული შალვა პაპუაშვილი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით, დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს.
“მახსოვს კახა კუჭავას არჩევის დროს არაერთი, არა მარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც და დღეს ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევისას, მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა საარჩევნო რეფორმის შესახებ ისაუბრა.
“საარჩევნო რეფორმა, შალვა პაპუაშვილმა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგასთან, ლევან იოსელიანთან ერთად წარმართა და ეს რეფორმა იყო ძალიან წარმატებული “- აღნიშნავს კობახიძე
მისი განცხადებით ამ პროცესმა აჩვენა, რომ ერთად მუშაობა და კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია.
“თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს” – აცხადებს კობახიძე.
” გარდა პროფესიონალიზმის, შალვა არის უაღრესად წესიერი ადამიანი და სამართლიანი, პრინციპული ადამიანი, ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს არის ის თვისებები, რომლის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი წარდგენის შესახებ.” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.
“მე ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ამ მიმართულებით ბევრი არის გასაკეთებელი და ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ამასაც ძალიან ღირსეულად გაუძღვება,“- განაცხადა კობახიძემ.