საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტრადიციულად, ახალი წელი სრულიად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი.
„ეს არის ის ცენტრალური ადგილი, საიდანაც ხელისგულზე ჩანს და მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ჩვენი ენერგეტიკული სექტორი. მოხმარება მაღალია, მაგრამ ჩვენი ენერგეტიკა უმკლავდება ამას. ყველაფერი წესრიგშია ჩვენი დისპეტჩერების მუშაობის შედეგად, რომლებიც ახალი წლის ღამეს აქ მუშაობენ. ვულოცავ მათ და ყველას, ვინც ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, ახალ 2022 წელს და ჯანმრთელობას, წარმატებულ წელს ვუსურვებ “, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს ნათია თურნავასთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა.