საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
„ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ვადიანი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტებით. აღნიშნული სისტემის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს, მგზავრობის ტარიფი გაძვირდა, რეალობა კი სხვაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე, 53% ადამიანებისა, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით/ფასით (0,2, 0,1 ლარი) და უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ, ინტეგრირებული სამგზავრო სისტემის ფარგლებში, ნებისმიერი ტრანსპორტით გაცილებით იაფად იმგზავრებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.