პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს, რათა მათ შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე შესაბამის კითხვებს პასუხი გასცენ. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა
„როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს დავიწყეთ სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანი გახლდათ საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების აღმოფხვრა. ამ მიზნით შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა, გამკაცრდა პოლიტიკა ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ და საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.
სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი არის გაჩერებული, დეპარტამენტის გაძლიერება და მანდატის გაზრდა არ მომხდარა. საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა და უფრო მეტიც, ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი სამსახური – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია და შედეგი სახეზეა. ამიტომ ვიბარებთ ამ ადამიანებს პარლამენტში – შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ – მინისტრს, რათა საზოგადოებას აუხსნან და შესაბამის კითხვებს პასუხი გასცენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საპარლამენტო გუნდი დეტალურად ისაუბრებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.
ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია
მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის დედა პირველ კომენტარს აკეთებს
ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა “ზემოდან” მითითებით