LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუსრულებელი რემონტი და ჩამონგრეული ჭერი – რა კეთდება სკოლებში პრობლემის მოსაგვარებლად

წელს, 17 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით 9 სკოლაში სწავლა არ დაიწყო, ამ სკოლებიდან 5 კერძოა და 4 საჯარო. კერძო სკოლებიდან 2 თბილისში მდებარეობს, 3 კი რეგიონში. მიზეზი – ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოებია.

როგორც „ფორტუნას“ კულტურის, სპორტის, განათლების და მეცნიერების გაერთიანებულ უწყებაში განუმარტეს, ჩამოთვლილი 9 სკოლიდან 8-ში სასწავლო პროცესი 24 სექტემბერს აღდგა, ხოლო თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

გარდა ამისა, უკვე დაახლოებით 5 წელია, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის თავდაპირველი შენობა 1897 წელს იყო აგებული და ავარიული სტატუსი ჰქონდა, 2013 წელს შენობა სრულად დაანგრიეს და მისი მშენებლობა თავიდან დაიწყეს. მშენებლობა ახლა თითქმის უკვე დასრულებულია, თუმცა სამშენებლო ბანერზე შენობის ჩაბარების ვადად 2016-2017 წელია მითითებული. მიუხედავად ამისა, მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საკუთარი შენობით ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ და ისინი ამავე უბანში არსებულ 166-ე სკოლის შენობაში ჰყავთ გადანაწილებული. ამ სკოლაში კი აღნიშნულის გამო, სასწავლო პროცესი ორ ცვლაში მიმდინარეობს.

მე-100 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობა ძალიან გაიწელა და მათთვის, მოსწავლეთა ასაკის მატებასთან ერთად, მოუხერხებელი ხდება მეორე ცვლაში სწავლა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზე და კერძო რეპეტიტორთან დადის, საღამოს დასრულებული გაკვეთილების შემდეგ სხვა აქტივობების დაგეგმვა კი, დროის თვალსაზრისით, მშობლებს და მოსწავლეებს პრობლემებს უქმნის.

„ბავშვებს ვეღარ ვატარებთ ცეკვაზე, ცურვაზე. მაგალითად, ჩემს შვილს გაკვეთილები 6 საათზე უმთავრდება, შემდეგ იცით, იწყება საცობები და 7-ის ნახევარზე ცეკვაზე რომ უნდა იყოს სულ სხვა უბანში, ხშირად გაკვეთილზე ვაგვიანებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისვლას ვერ ვასწრებთ,“ – ამბობს მე-100 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თეა მამამთავრიშვილი.

როგორც მე-100 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა „ფორტუნას“ განუცხადეს, მათი ინფორმაციით, უკვე განახლებულ შენობაში სასწავლო პროცესი ოქტომბერში უნდა აღდგეს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც ბაღების მართვის სააგენტომ „ფორტუნას“ უთხრა, თბილისში არსებული 180 საჯარო ბაღიდან წელს, 17 სექტემბერს, სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთ, 26-ე ბაღში არ დაიწყო. ბაღის შენობა, რომელიც ისნის რაიონში მდებარეობს, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავარიულობიდან გამომდინარე, აღსაზრდელებისთვის საფრთხისშემცველია, თუმცა, ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 26-ე ბაღის აღსაზრდელები ოქტომბრის პირველი ნახევრიდან სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ. სააგენტოში ამბობენ, რომ 2018 სასწავლო წლისთვის საჯარო ბაღებს 11 ახალი შენობა დაემატა, აქედან 2 – ძველი ბაღების შენობებთან ახლოს აშენდა და ამ შენობებს შეუერთდა, ხოლო 9 – ახალ საჯარო ბაღად დარეგისტრირდა.

ამას გარდა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგარემონტებული სკოლები და ბაღები სწავლის დაწყების წინ ინგრევა. მაგალითად, ქუთაისის მეორე სკოლაში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთი წლის წინ ჩატარდა, ჭერი უკვე ორჯერ ჩამოვარდა. შემთხვევა 2018 წელს, სასწავლო პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. შენობის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ეკუთვნის. აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში განმარტეს, რომ ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და თუ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

„მუშავდება პროექტი და უნდა გამოიკვეთოს ახალი კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. 3 სექტემბერს მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა და თუ კომპანიის დანაშაული გამოვლინდა, აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადეს სამინისტროში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უმკაცრესი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. კაიკაციშვილის თქმით, ამგვარი ფაქტების გახშირება დაუსჯელობის სინდრომიდან მომდინარეობს.

„სახელმწიფო ტენდერები ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტური. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არა თუ გამარჯვებული, არამედ მონაწილე კომპანიების შესახებაც, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და პირადი ურთიერთობით სახელმწიფო დაფინანსების მიღების საკითხი. ჩვენ ლამის ყოველდღე ვხედავთ, რომ ტენდერში იმარჯვებენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც არაჯეროვნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. განათლების სფეროში არსებული სატენდერო პოლიტიკა ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. მოცემულ შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით უნდა დაჯარიმდნენ, არამედ სანქცია უნდა იყოს ბევრად უფრო მკაცრი,“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის ცნობით, სკოლებისა და ბაღების რამდენიმე ტენდერი სკანდალურ შპს „ყვარელმშენსაც“ აქვს მოგებული, ეს კი ის კომპანიაა, რომლის გარემონტებულ მეტრო „ვარკეთილში“ 30 იანვარს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g