რა უნდა იცოდეთ ბანკებთან ურთიერთობისას, რა უნდა იცოდეთ სასესხო ხელშეკრულების დადებამდე, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა შემთხვევაში მიდის საქმე სასამართლომდე და როგორ სრულდება ასეთი ქეისები – ამ თემებზე “სი ელ ესის” მმართელი პარტნიორი ეკა ლომიძე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” გვესაუბრება, თუმცა მან კოვიდინფიცირების გამო გადაცემაში ჩართვა ვერ მოახერხა და წერილობითი ფორმით მოგვაწოდა ყველა ის მთავარი დეტალი, რაც ამ საკითხს ეხება.
– ძირითადად, რა დარღვევებია ხოლმე ბანკებთან დადებულ ხელშეკრულებებზე როცა ვსაუბრობთ?
– უმეტესად, ხელშეკრულებაში წერია, რომ მაგ. გადასახდელია წინსწრებით დაფარვის დროს გარკვეული თანხა. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევისას გეკისრებათ საურავი, რომელიც თუ დაგროვდა და ვერ გადაიხადე, შემდგომ ბანკი გთავაზობს რესტრუქტურიზაციას(ცვლილება),რა დროსაც მსესხებელს საბოლოოდ ემატება სესხიც, შესაბამისად ყოველთვიური თანხაც.
– რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე?
– თავდაპირველად ხელშეკრულების დადებისას ყურადღებით უნდა გაეცნონ პირობებს, საურავის ოდენობას, დარიცხვის წესს, წინსწრებით ძირი თანხის დაფარვის წესს და ა.შ. შესაძლოა წინსწრებით დაფარვა საერთოდ არ გიღირდეს, ეს უნდა იცოდეს მსესხებელმა. ხშირად ხდება, რომ წინსწრებით თანხას რიცხავენ პირდაპირ, მითითების გარეშე, მაშინ როცა მხოლოდ პროცენტი უნდა გადაეხადათ. ასეთ დროს პირს ჰგონია რომ სესხი შეამცირა, თუმცა ეს ასე არ არის და ფაქტობრივად, არაფერი აკლდება ძირს. აქაც, ხელშეკრულებით რეგულირდება ყველაფერი და წინასწარ საჭიროა მისი გაცნობა.
– რა არის მთავარი, რაც მოქალაქემ უნდა იცოდეს, სანამ სასესხო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს?
– ვიდრე რაიმეს ხელს მოაწერთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ოპერატორისგან მიიღოთ ინფორმაცია, მაგრამ მხოლოდ მის უბრალო განმარტებას არ დაეყრდნოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა პირს ჰგონია აიღო სესხი კონკრეტულ პროცენტში, რეალურად კი სხვა პროცენტი უფიქსირდება. მთავარი რჩევაა, რომ ხელშეკრულებას ხელი ისე არ მოაწეროთ, თუ მას კარგად არ წაიკითხავთ, თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, სჯობს კონსულტაციები იურისტთან გაიაროთ.