პარტია „საქართველოსთვის“ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ აპირებს და გუნდი რუსთავში არც საკუთარ კანდიდატს აყენებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრი მიზეზად განმარტავს, რომ პარტიის სტრატეგიული სვლა განსხვავებულია და მთელი მათი რესურსი მიმართულია ეროვნული საპარლამენტო არჩევნების მზადებისთვის.
“ამ ეტაპზე მხარს არცერთ კანდიდატს არ ვუჭერთ, თუმცა არჩევნებამდე არის გარკვეული დრო დარჩენილი. პოლიტიკური ვითარება ხშირად იცვლება ქვეყანაში, ხელისუფლებას არ აკლდება ფანტაზია მავნებლური გადაწყვეტილება კიდევ უფრო მავნებლურით შეცვალოს, ასე რომ დაველოდოთ.
რაც შეეხება მიზეზს, რატომ არ იღებს პარტია ამ კონკრეტულ არჩევნებში მონაწილეობას არის ის, რომ ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების ბერკეტი პარლამენტში უკვე გვყავს და იქაც ვაჟღერებთ მათ პრობლემებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც აქვს შეზღუდული რესურსი, რაც გვაქვს სრულად არის მომართული და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ეროვნული საპარლამენტო არჩევნების მზადებისთვის. ჩავთვალეთ, რომ გონივრულად გამოგვეყენებინა ჩვენი რესურსები.
ამ ეტაპზე გუნდის ლიდერთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარტიის მშენებლობაზე, „ქართული ოცნება“ არავის ისე არ ებრძვის, როგორც ჩვენ გუნდს, რაც აისახება დაშინებასა და ზეწოლაზე, მათ შორის სერიოზული ზეწოლა ჩვენ დამფინანსებლებზე, თუმცა როგორც ხედავთ ეს გვაძლიერებს, იმიტომ, რომ მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ მოვახერხეთ ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მცირე გამარჯვებებით. რომ უკვე 4 მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის წევრი არის საკრებულოს ხელმძღვანელი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავში შუალედურ არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.