ტყიბულის შახტში 16 ივლისს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შუალედური დასკვნა საკმაოდ საგანგაშოა. დასკვნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად უსაფრთხოების წესების დარღვევა დასახელდა. უბედურ შემთხვევას 4 მეშახტე ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.
ჯერ უცნობია, როდის გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა, თუმცა როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეამოწმებს ტყიბულის შახტებში შრომის უსაფრთხოების მდგომარებას და ტექნიკურ ინსპექტირებას ჩაატარებს.
„კომპანია შემოწმების შემდეგ დადებს დასკვნას მუშაობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და გამოვლენილი დარღვევების/პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში.
შუალედური დასკვნის მიხედვით, ტყიბულის მაღაროში სამუშაო პროცესის წარმოება იქ დასაქმებულების სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია. რეკომენდაციის მიუხედავად, უწყებაში ამბობენ, რომ თუკი მაღაროში მუშაობა გადაუდებლად აუცილებელი გახდება, მუშაობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საერთაშორისო კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე.
მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დამსაქმებლებსა და შახტაში დასაქმებულებს შორის კომუნიკაციის პრობლემა სახელდება. კერძოდ, დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, 16 ივლისს, დაახლოებით 04:05 საათზე, მეშახტეებს მიეცათ დავალება, რომელიც ითვალისწინებდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელებას. 04:00 საათზე სატელეფონო კავშირის საშუალებით, დისპეტჩერს დამუხტვის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საამფეთქებლო სამუშაოებთან კონტაქტში არმყოფი პირების საშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, რომელიც განსაზღვრულია ბურღვა-აფეთქებითი პასპორტით – აღნიშნული პროცესი დადგენილი წესის მიხედვით არ განხორციელდა.
კვლევის მიხედვით, პერსონალის ნაწილი არ დაემორჩილა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მითითებას და აფეთქების მომენტში საშიში ზონა არ დატოვა. ასევე, დეტონაციის შემდეგ განხორციელდა დაგეგმილზე გაცილებით დიდი სიმძლავრის აფეთქება, რაც შესაძლებელია, სამუშაო სივრცეში არსებული მეთანის (ან ნახშირის მტვრის) მომეტებული კონცენტრაციით იყოს განპირობებული.
დასაქმებულთა განცხადებით, მათი ნაწილი არ ფლობდა ინფორმაციას ბურღვა-აფეთქების პასპორტით განსაზღვრული უსაფრთხო ადგილის შესახებ და უსაფრთხო ადგილს თავიანთი შეხედულების მიხედვით არჩევდნენ. ოქმში მითითებულია, რომ ხელმძღვანელ გუნდს, მომუშავე პერსონალსა და დასაქმებულებს შორის არასათანადო კომუნიკაცია იყო. არასწორმა კომუნიკაციამ კი, ორივე რგოლს შორის დავალების შესრულების არათანმიმდევრული, უკონტროლო და არაუსაფრთხო ქმედება გამოიწვია.
შახტაში დასაქმებულები ოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შახტის ადმინისტრაციასა და მუშებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო, არ ეთანხმებიან. ერთ-ერთი მეშახტე, გია მიქიაშვილი „ფორტუნასთან“ 16 ივლისს მომხდარ უბედურ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ აფეთქებამდე როგორც სატელეფონო, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„კომუნიკაცია აფეთქების მერე აღარ იყო, თორემ იქამდე იყო ჩვეულებრივრად. მე თვითონაც არ ვიცოდი, რომ პასპორტით განსაზღვრული იყო შახტაში შედარებით უსაფრთხო ადგილები. როგორც ყველა მეშახტე დადიოდა და მუშაობდა, ისე ვიყავი მეც – აფეთქების შემდეგ, ისევ შიგნით, შახტაში, უსაფრთხო ადგილას შევდიოდით,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გია მიქიაშვილი.
ლამარა ბერიანიძე მინდელის სახელობის მაღაროში 36 წელი მარკშეიდერად მუშაობდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორც ბერიანიძე გვიყვება, ადმინისტრაციასა და მუშებს შორის არავითარი პრობლემა კომუნიკაციის მხრივ, არ ყოფილა.
„ჩვენ გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, რომელთანაც ნებისმიერ მუშას და ტექნიკურ პერსონალს შეუძლია შესვლა და საუბარი. გარდა ამისა, სატელეფონო კომუნიკაცია არის; თვითონ უშუალოდ შახტის უბნიდან მომუშავე მუშებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ხელმძღვანელ პირს და თუკი რაიმე საავარიო პირობები არის უბანზე და მუშაობა არ შეიძლება, მეშახტეებს შეუძლიათ, ამის შესახებ შეტყობინება ან შახტის ხელმძღვანელობას, ან გენერალურ დირექტორს მისცენ, ამაში ისინი შეზღუდულები არ არიან. ასე რომ, კომუნიკაცია გამართულად მუშაობს. მეშახტეებს ყოველ წუთს შეუძლიათ, დაელაპარაკონ საშახტო დისპეტჩერს, რომელიც უშუალოდ დააკავშირებს ან უბნის უფროსს, ან ცვლის ინჟინერს, რომელსაც სრულ ცვლაზე აკისრია პასუხისმგებლობა,“ – ამბობს ლამარა ბერიანიძე.
შახტაში დასაქმებული სხვა მუშები ხაზს უსვამენ, რომ მაშინაც კი, როცა მაღაროში ელექტრონული სისტემა არსებობდა და ჯერ კომპიუტერებს არ იყენებდნენ, ნებისმიერ მომენტში შახტის მუშას ჰქონდა საშუალება, რომ უშუალოდ დაკავშირებოდა ხელმძღვანელ პირს.
შახტაში დასაქმებული მუშების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვით აფეთქებისას მომხდარი უბედური შემთხვევა არასწორი კომუნიკაციის შედეგი იყო, არ არის ის ერთადერთი და მთავარი მიზეზი, რამაც 4 ადამიანის სიკვდილი და 6-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. მეშახტეები ამბობენ, რომ აფეთქება შახტის გარკვეულ უბნებში დაგროვებულ გაზს მოჰყვა, თუმცა იმასაც განმარტავენ, რომ გაზი ნახშირმომპოვებელი სამუშაო პროცესის დაწყებამდე შემოწმდა, თუმცა ვერ იხსენებენ, განმეროდა თუ არა ეს პროცესი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების შემდეგ.
მუშები უბედურ შემთხვევას ხელმძღვანელობისა და მეშახტეების გადაცდომათა ჯაჭვს უკავშირებენ.
„შახტაში უბედური შემთხვევა შეიძლება, ყოველ წამს მოხდეს. ამისგან იქ ჩასულთაგან არავინაა დაზღვეული. უბრალოდ, სანამ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოები დაიწყება, გაზი უნდა შემოწმდეს. არ უნდა შეასრულო ის ვალდებულებები, რაც ვენტილაციის ათისთავს აკისრია. სანამ ბურღვითი სამუშაოები განხორციელდებოდა, მაშინ გაზი შემოწმებული იყო. აფეთქების მერე აღარ ვიცი, შემოწმდა თუ არა ისევ. ამ მომენტში ვენტილაციის ათისთავი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ აფეთქება იქნებოდა და უნდა გავსულიყავით გარეთ, მაგრამ მე უარი განვუცხადე იმიტომ, რომ პასპორტში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, არ ვასრულებდი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს, ამის გამო აღარ გამოვედი. გადავრჩი სწორედ ამით, რომ არ გამოვედი იქიდან. ერთადერთი, რა დაზიანებაც 16 ივლისს მომხდარი აფეთქების დროს მივიღე, არის ის, რომ ენა მქონდა დამწვარი,“ – იხსენებს გია მიქიაშვილი.
შახტის დირექტორის, ელდარ ჩაფიძის აზრით, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის კიდევ ერთი და შესაძლოა, მთავარი მიზეზი არის ის, რომ შახტაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე გამოცდილების არმქონე პირები ინიშნებიან. ჩაფიძე ამბობს, რომ გადაცდომები როგორც ხელმძღვანელი პირების, ასევე – მუშების მხრიდან არსებობდა.
„აქ გადაცდომათა მთელი ჯაჭვია – ხელმძღვანელობის ბრალეულობა, ასე ვთქვათ, ისაა, რომ მაღალ პოსტებს ისეთები იკავებდნენ, რომლებიც მაინცდამაინც მისაღები ფიგურები არ იყვნენ. მათ არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება და ალბათ, არც განათლება. დაზარალებულებსა და დაღუპულებს პასუხს როგორ მოსთხოვ?“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ელდარ ჩაფიძე.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ მოკვლევის დოკუმენტში მითითებულია შახტში არსებული სხვა პრობლემის დეტალებიც. კერძოდ, ორგანიზაციას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჩამოყალიბებული და გაცხადებული პოლიტიკა არ გააჩნია. საწარმოში არ არის დანერგილი და პერსონალზე მორგებული უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა. გარდა ამისა, კომპანიისთვის უცნობია საფრთხის იდენტიფიცირების, რისკის შეფასებისა და მართვის მეთოდოლოგია.
16 ივლისის შემდეგ ტყიბულის შახტაში სამუშაო პროცესი შეწყდა. ახლა შახტაში მხოლოდ სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის საჭიროება კი იმიტომ დადგა, რომ, შახტის დირექტორის თქმით, შახტა ფუჭდება, როცა რეგულარულად არ მიდის სანგრევის გამაგრება, საყრდენების გამოცვლა, რკინის მასალის შეცვლა და ა.შ. შახტაში დასაქმებულები ახლა ერთთვიან უხელფასო შვებულებაში არიან. მათ გენერალურმა დირექტორმა განუმარტა, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდის, რადგან ფინალურ დასკვნამდე მინდელის სახელობის შახტაში მუშაობა არ შეიძლება.
თათია კაკიაშვილი