“ჩემს, როგორც ექიმის უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მივიჩნევ ადამიანებს ვასწავლო როგორ არ უნდა გახდნენ ჩემი პაციენტები”, – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გეგეჭკორი ფეისბუქსტატუსში აღნიშნავს, ერთ-ერთ ტელევიზიასთან – “მთავარ არხთან” ერთად გადაწყვიტა, რომ ყოველ ხუთშაბათს, 15 წუთი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებას დაუთმონ.
გეგეჭკორის განცხადებით, ისინი მაყურებლებს გაუზიარებენ ყველაზე თანამედროვე წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორ არ უნდა გახდნენ პაციენტები და დარჩნენ ჯანმრთელები სიცოცხლის ბოლომდე.
გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც სიკვდილისგან მათი დაცვა შეუძლია:
“ბოლო ორი წელი საქართველოს დროით ვიცხოვრე. სამსახურში მისვლამდე ქართული “ვირტუალური ჰოსპიტლით” ვიწყებ ცხოვრებას. ათასობით ადამიანთან მომიწია პირდაპირმა თუ ირიბმა შეხებამ და ყოველდღიურ სევდად მექცა მოსმენილი და ნანახი.
ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც მათი დაცვა შეუძლია სიკვდილისგან.
ხარისხიანი მედიცინა დაავადების პრევენციაზე დგას. ჩემს, როგორც ექიმის უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მივიჩნევ, ადამიანებს ვასწავლო როგორ არ უნდა გახდნენ ჩემი პაციენტები. ყველგან, სადაც ადამიანს ვეხები, ვცდილობ ჯანმრთელად დაბერების ის უმნიშვნელოვანესი პრინციპები გავუზიარო, რაც მრავალწლიანი, მრავალენოვანი სწავლის პროცესში დავაგროვე.
“მთავარ არხთან” ერთად გადავწყვიტეთ, ყოველ ხუთშაბათს, “შენი დილის” ეთერში, 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, 15 წუთი დავუთმოთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებას.
გვიყურეთ ყოველ ხუთშაბათ დილას. გაგიზიარებთ ყველაზე თანამედროვე წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორ არ უნდა გახდეთ პაციენტი და დარჩეთ ჯანმრთელი სიცოცხლის ბოლომდე.
თუ უკვე გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვეცდები გაგიზიაროთ, როგორ უნდა შეძლოთ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სიმპტომების დროული ამოცნობა, დახმარებისთვის სწორი ადრესატის პოვნა და პრეჰოსპიტალურ პერიოდში დაავადების მართვა.
დილის ეთერი ალბათ უფრო სახალისო უნდა იყოს, ვიდრე პრობლემებზე საუბარია, თუმცა სწორედ დილაა ის დრო, როცა ადამიანს შეუძლია დღე სწორად დაგეგმოს. ამიტომაც შევარჩიეთ ეს დრო, რათა ყოველი დღე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებით დაიწყოთ.
ჯერჯერობით ეს იქნება ჩემი უანგარო წვლილი ჯანმრთელი საქართველოს შენარჩუნებაში. სამომავლოდ ვეცდები უფრო აქტიურად გავაზიარო ცოდნა, რომელიც განათლებაში მრავალწლიანი მოგზაურობით დავაგროვე.
P.S. სამი ხუთშაბათი უკვე იყო. პროექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ფაქტორებსა და მათი სწორად მართვის უმთავრეს პრინციპებზე საუბრით დავიწყე. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია ჯანმრთელი ცხოვრების, ამიტომაც შემდეგი რამდენიმე ხუთშაბათი სწორედ ამ თემას დაეთმობა.
სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდული ვარ დროში და ინდივიდუალურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ, მაგრამ გზადაგზა ვეცდები, დავფარო ყველა თემა, რასაც ბოლო ორი წელი საქართველოდან პაციენტების ცხოვრებაში წავაწყდი.
ვისწავლოთ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უმთავრესი პრინციპები და არასდროს გავხდეთ პაციენტები – ესაა ჩემი მოტივაცია”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.