ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ტურისტული სტენდით არის წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პავილიონი გურმე გალერში განთავსდა და სტენდზე 360- გრადუსიანი ვიზუალიზიცია დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოში.
მათი ცნობით, სტენდზე განთავსდა ადმინისტრაციის საპრომოციო მასალა და ახალი ტურისტული გზამკვლევი. გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
„მსოფლიოში უდიდეს წიგნის ბაზრობაზე, The Frankfurt Book Fair-ზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, რაც უდიდესი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მარტო გასულ წელს 100-ზე მეტი ქვეყნის 7 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ვიზიტორების რაოდენობა კი 290 ათასამდე იყო. ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს წარმოდგენას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ტურისტული ნაკადების გაზრდას და უმდიდრესი კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმოჩინებას საერთაშორისო ბაზარზე.ფესტივალის ათასობით დამთვალიერებელი კიდევ ერთხელ იხილავს, რომ საქართველოს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელიც უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიით, მრავალფეროვანი ბუნებით და საოცარი სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა,“ – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.