26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე ITB China 2026 პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
ITB China-ს დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 30-მდე ქართული კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ეროვნული სტენდის დიზაინს, კონცეფციასა და გალა ვახშმის დეტალებს გაეცნო.
საქართველოს ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართული კომპანიები პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.
25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
