„უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი, მათ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინელები თავს იცავენ კრემლის ნაცისტური რეჟიმის მიერ დაწყებული ომისგან.
ანდრიუს კუბილიუსი მიესალმება უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გმირობას.
ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა
„მსურს მივესალმო უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გმირობას. უკრაინელები თავს იცავენ კრემლის ნაცისტური რეჟიმის მიერ დაწყებული ომისგან. პუტინი ნამდვილი კრიმინალია. უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი. ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ, შემდეგ კი შევქმნათ დაჩქარებული პროცედურები უკრაინისთვის, რათა კავშირში გაწევრიანდნენ.
მოდი, შევიმუშაოთ სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროპასთან სწრაფი გაერთიანებისთვის.
მას შემდეგ, რაც უკრაინას იარაღი მივაწოდეთ და სწრაფი სანქციები დაწესდა, გვჭირდება შემდგომი ნაბიჯები.
პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ რუსული გაზის იმპორტი. ყოველ დღე ჩვენ ვიხდით პუტინს 100 ტანკის შესაძენად საკმარის თანხას, ორჯერ მეტის, რისი განადგურებაც უკრაინელებს ბრძოლის ველზე შეუძლიათ ერთ დღეში.
მეორე: შევქმნათ მრავალ მილიარდიანი ფონდი უკრაინელებისთვის, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის ეკონომიკის რეკონსტრუქციას, მდგრადობასა და მოდერნიზაციას.
მესამე: დავაწესოთ სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ.
ევროპის კონტინენტზე სტაბილური მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის შემთხვევაში, რომელიც თანდათან ახლოვდება. ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ ეს კრიმინალური ომი. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გელოდება, რათა სამართლიანობა აღსრულდეს, აღსრულდეს პირველ რიგში უკრაინელებისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.