LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმცირესობა ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება

96

საპარლამენტო უმცირესობა ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძემ პირადად შს მინისტრ გიორგი გახარიას და ხელისუფლებას მიმართა, გაითვალისწინოს დეპუტატების თავდებობა და სარალიძე პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში როგორც ადვოკატებთან, ისე ოჯახის წევრებთან ერთად, აღნიშნული თავდებობა დოკუმენტურად გაფორმდება.

„ზაზა სარალიძის დაპატიმრება იყო გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა სახელმწიფოს მიერ, როცა 5- თვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის, შევიწროვების შემდეგ ხელისუფლებამ მოძებნა საბაბი, რომ დაეპატიმრებინა ზაზა სარალიძე. იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც 5 თვეზე მეტია ეძებს სიმართლეს, ცდილობს იპოვოს მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, ეს სცილდება სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არ დავუშვათ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელსაც ებრძვის სახელმწიფო, უსამართლოდ ექცევა სისტემა და ვისი ოჯახიც არის მსხვერპლი იმ უზნეობის, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“. სწორედ ამიტომ, ჩვენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რათა დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას, გაითვალისწინოს ჩვენი თავდებობა და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, დეპუტატმა პატივისცემა გამოხატა პოლიციის და პოლიციელის ოჯახის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g