უკრაინაში, ომში დაღუპულ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს, საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს
როგორც „ფორტუნას“ დავით გობეჯიშვილის შვილმა გიორგი გობეჯიშვილმა განუცხადა, მისთვის ამ დროისთვის ცნობილია, რომ დავით გობეჯიშვილი ვარშავაშია გადასვენებული, საიდანაც საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ დილით უნდა ჩამოასვენონ.
ოჯახის ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილის პანაშვიდები ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.
დავით გობეჯიშვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ წავიდა. ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვის დროს დაიღუპა.
დაღუპული მეომრის ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს.
მეუღლე ამბობს, რომ ის აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც იბრძოდა.
„ვეხვეწე, არ გინდა, ნუ წახვალ-მეთქი. არა, მაინცდამაინც, ჩემს შვილებამდე რომ მოვა, მაშინ უნდა წავიდეო?
ამბობდა, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხამთო და მართლაც, ბომბი ჩამოუსხიათ ტყვიის მაგივრად“, – ამბობს გარდაცვლილი მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.
დავით გობეჯიშვილი პოლონეთში 12 მარტს სამუშაოდ წავიდა, იქიდან კი მეგობრებთან ერთად უკრაინაში საომრად გადავიდა.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლი – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი არიან დაღუპულები.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში