„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა, ბექა პატურაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში 27 დღე გაატარა და გადაიღო უკრაინის ყველა ის ქალაქი, რომელიც დაიბომბა.
ბექამ ჟურნალ „სარკეს“ გაუზიარა საკუთარი ემოციები და აღნიშნა, რომ ფიზიკურად თბილისში დაბრუნდა, თუმცა გონებით ისევ ომშია.
ბექა პატურაშვილი:
„მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ოპერატორი სულ ვიყავით აღჭურვილი პრესისთვის საჭირო ინვენტარით და აკრედიტაციაც გვქონდა, უბრალო მოქალაქე ისე არ ჩაგვივლიდა, რომ არ ეკითხა, თქვენ ნამდვილად თუ ხართ ჟურნალისტები, გვაჩვენეთ აკრედიტაცია და პასპორტიო. მათ ჰქონდათ ეჭვი, თავს ხომ არ ვასაღებდით ჟურნალისტებად და ხომ არ ვიყავით თუნდაც დივერსანტები. ბებოებმა რამდენჯერმე პოლიციაც გამოიძახეს. რამდენიმე ბებომ მითხრა, შენ შავგვრემანი და წვერებიანი ხარ, რა ვიცი, ვინ ხარო…“
ინტერვიუში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ:
„უფრო მეტად გვმართებს ჩვენს უსაფრთხოებაზე დაფიქრება. ისიც კი არ ვიცი, თბილისში შესაძლებელია თუ არა განგაშის სიგნალის ჩართვა. უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს ქვეყანაში ხალხი არ ვფიქრობთ. ამის საჭიროება კი უკრაინამ ნამდვილად დამანახვა. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.